2 ივნისს რუსთაველზე დაკავებული აქტივისტებისა და უფლებადამცველების სასამართლო პროცესი ამ დრომდე არ ჩანიშნულა. დაკავებულები დროებითი მოთავსების იზოლატორიდან 4 ივნისს გვიან ღამით გაათავისუფლეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში ვადის ამოწურვამდე, 48 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
როგორც დაკავებულები ყვებიან, პოლიცია გაფრთხილებული იყო, რომ წინასწარი დაკავების ვადა ბოლომდე ამოწურულიყო.
გარდა ამისა, აქტივისტების თქმით, იზოლატორში მათ მიმართ არაერთი უფლება დაირღვა. კერძოდ, მათთან ადვოკატები რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეუშვეს, ასევე ოჯახის წევრებს არ აძლევდნენ საკვების შეტანის უფლებას.
"როცა იზოლატორში გადამიყვანეს, საჭმელი არ გადმოგვატანინეს. როცა ვითხოვე საჭმელი, მომიტანეს რუსული კონსერვი და რუსული სუპები, რომელზეც ეწერა მისამართი მოსკოვის რომელიღაცა ქუჩა. ერთი წუთი აკლდა 48 საათს, როცა ბარგის ჩაბარებას დავიწყე, არ გამიშვა დაცვამ, მითხრა, რომ გაფრთხილებული ვართ, როცა 48 საათი შესრულდება მაშინ უნდა გახვიდე", - თქვა ნიკა რომანაძემ.
2 ივნისს აქტივისტები პარლამენტთან ირაკლი ღარიბაშვილის პრორუსულ და ანტიდასავლურ განცხადებებს აპროტესტებდნენ. პოლიციამ 7 პირი ბანერის გამო დააკავა, აქტივისტების ნაწილს ბანერზე - "ირაყლი" ეწერა, ნაწილს კი ცარიელი ფურცელი ეჭირა. დაკავებულებს ადმინისტრაციული წესით ჩადენილი სამართალდარღვევას ედავებიან.