უზენაეს სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეთა კოლეგიის შემადგენლობა ცნობილია - საქმეს ლევან თევზაძე, მერაბ გაბინაშვილი და ნინო სანდოძე განიხილავენ.
სხდომას უხელმძღვანელებს მერაბ გაბინაშვილი, რომლის აცილებაც 3 თვის წინ ნიკა გვარამიას ადვოკატებმა მოითხოვეს. დაცვის მხარე ამბობს, რომ გაბინაშვილი უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ კანონდარღვევით აირჩიეს.
"ეს საქმე ეწერა მომხსენებელ მოსამართლე მერაბ გაბინაშვილს, რომლის აცილებაც მოვითხოვეთ ჩვენ 3 თვის წინ და ამის შემდეგ უზენაესისგან მივიღეთ პასუხი, რომ თავად მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი შეარჩევდა 2 მოსამართლეს, რომელსაც უნდა განეხილა მისი აცილების შუამდგომლობა. მათ განიხილეს ეს შუამდგომლობა და არ დააკმაყოფილეს.
ცხადია, სხვაგვარი მოლოდინი ჩვენ არც გვქონია, რადგან მერაბ გაბინაშვილი კანონის მოთხოვნათა დარღვევითა და საერთაშორისო პრინციპების უხეში დარღვევით დაინიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლედ და დარწმუნებული ვართ, ხელისუფლებას ის კანონდარღვევით იმიტომ არ დაუნიშნავს, რომ შემდეგ ნიკა გვარამიას საქმეზე მოაცილებინათ, პირიქით, ზუსტად ასეთი საქმეების განსახილველად გააწესეს ის უზენაეს სასამართლოში და სხვაგვარი მოლოდინი პრინციპში არც გვქონია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ყველა სამართლებრივ საშუალებას ვიყენებთ ნიკა გვარამიას უფლებების დაცვისთვის", - თქვა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა.