
ბათუმში რესტორან "რეტროს" მფლობელის, თეიმურაზ ვარშანიძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ კომპანიაში დასაქმებულების ნაწილი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, რაც უთანხმოებას იწვევდა.
ადვოკატი ამბობს, რომ კონფლიქტის მიზეზი გახდა ე.წ ჩაის განაწილება, რომელსაც მომხმარებლები უტოვებენ მიმტანებს. მისივე მტკიცებით, რესტორნის თანამშრომლებმა თავად იძალადეს თეიმურაზ ვარშანიძეზე.
"თითქოს კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას არის სიცრუე და გამოგონილი. ვინაიდან, კომპანიაში დასაქმებულია მხოლოდ 35 ადამიანი, რომელთაგანაც მხოლოდ 2 გახლავთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. მიზეზი კონფლიქტის გახდა, ე.წ ჩაის განაწილება ანუ იმ თანხის, რომელსაც უტოვებენ ოფიციანტებს მომხმარებლები, რომლის განაწილებაშიც საერთოდ არ ერევა ადმინისტრაცია. თვითონ თემური წააქციეს და მას უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში ამავე კომპანიის დასაქმებულები. არსებობს ამის ვიდეო ჩანაწერი. ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ ძალადობაში, რომელიც იყო თემურის წინააღმდეგ, მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს," - ამბობს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ მიმტანზე ფიზიკური ძალადობის გამო "რეტროს" მფლობელი წუხელ დააკავეს. როგორც რესტორნის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, თეიმურაზ ვარშანიძე რესტორანში რუსეთის მოქალაქეებს ასაქმებდა, რომლებსაც უფრო მეტ ხელფასს უხდიდა, ვიდრე ქართველებს. მათივე თქმით, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია რესტორანში მომხდარი დაპირისპირებაც, რომლის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე.