2020 წლიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა დავთვალეთ - TI-ის ანგარიში

გამოქვეყნდა:

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში ორგანიზაცია მიმოიხილავს ბოლო პერიოდში გაუარესებულ მედიაგარემოსაც და წერს, რომ გაუარესების ტენდენცია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეუქცევადი გახდა. 

ორგანიზაცია განმარტავს, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის მინიმუმ 120 შემთხვევა აღრიცხეს, რაც ნათელს ხდის, რომ საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობა საფრთხის შემცველი გახდა. 

ორგანიზაცია ანგარიშში ევროპარლამენტის რეზოლუციაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზეა საუბარი. TI წერს, რომ ნიკა გვარამიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად და ქვეყანაში კრიტიკული მედიის დევნის ნათელ მაგალითად შეაფასეს როგორც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. 

ანგარიშში საუბარია 2021 წლის 5-6 ივლისის მოვლენებზეც და ნათქვამია, რომ ამ დღეებში ჟურნალისტებზე მომხდარი მასშტაბური თავდასხმის ორგანიზატორები ამ დრომდე არ დასჯილან. 

"დღემდე არ დასჯილან 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე მასშტაბური თავდასხმის ორგანიზატორები, რა დროსაც 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ჩვენი ორგანიზაციის იურისტები ტელეკომპანიების "მთავარის", "ფორმულასა" და "TV პირველის", ასევე On.ge-ს დაზარალებული 24 ჟურნალისტის უფლებებს სასამართლოში იცავენ. სარჩელი მიმართულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ, რომელმაც 2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების აგრესიისა და თავდასხმისგან არ დაიცვა ჟურნალისტების ჯანმრთელობა და ვერ უზრუნველყო მათი პროფესიული საქმიანობის სათანადო პირობები," - წერს TI. 

ანგარიშში საუბარია 2022 წელს გამოკვეთილი მედიის შეზღუდვის ახალი ტენდენციის შესახებაც, რომელიც გამოიხატებოდა სასამართლოში კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სავარაუდო ცილისმწამებლური განცხადების გამო შეტანილი სარჩელების საგანგაშოდ მაღალ რაოდენობაში. 

ორგანიზაციის მონაცემებით, 28 სარჩელი შევიდა სამი წამყვანი კრიტიკული ტელევიზიის "მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" წინააღმდეგ. მომჩივნების უმეტესობა კი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ან მათთან დაახლოებული პირები იყვნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი