პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი, 1992 წელს დაბადებული ნ.ლ. რომელსაც ბრალად ედება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა. შსს-ს ცნობით, დაკავებულმა ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა, შემდეგ კი ცხედარი ხევში გადააგო:
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა საკუთარ ავტომობილში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე - 1996 წელს დაბადებული მ.მ. თოკით გაგუდა.
ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი, მეორე დღეს ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა, გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა და ხევში გადააგო.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ნ.ლ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს." ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.