
საკონსტიტუციო სასამართლომ შალვა თადუმაძის ქონებრივი დეკლარაციის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელის განხილვა დაიწყო.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, 2019 წელს საჯარო სამსახურის ბიუროსგან საკუთარი ქონებრივი დეკლარაციის გადამოწმების უარყოფითი შედეგების დაფარვას ითხოვდა იმ არგუმენტით, რომ მისი რეპუტაცია დაზიანდებოდა.
ბიურომაც და სასამართლოებმაც ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს, მაშინ როცა მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად გამოქვეყნებას ექვემდებარება.
საიაში ამბობენ, რომ ეს საქმე სასამართლო სისტემაში მოქმედი კლანის გავლენების კიდევ ერთი დასტურია.
"ბატონმა თადუმაძემ გადაწყვიტა, რომ ეს მონიტორინგის შედეგები არ გაეხადა საზოგადოებისათვის ცნობილი. ამისთვის მან 2019 წლის ბოლოს სასამართლოს მიმართა და სასამართლოს სთხოვა არამარტო ამ მონიტორინგის შედეგის, მათ შორის ბიუროს მიერ მიღებული შედეგის გადაწყვეტილების შეჩერება, არამედ ის, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას არაფერი არ გაეგო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლომ ზოგადად ინფორმაციას აკრძალა მიმდინარე დავასთან დაკავშირებით. შანსები ჯერ კიდევ არსებობს იმისთვის, რომ ეს მახინჯი ფაქტი, რაც საერთო სასამართლოებმა დაამკვიდრეს, იყოს აღმოფხვრილი და არცერთ მოსამართლეს და სხვა თანამდებობის პირს, არ ჰქონდეს მისი ქონებრივი მდგომარეობის, მის შემოსავალთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაიდუმლოების, ან დახურვის შესაძლებლობა" , - ამბობს გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი