
ომბუდსმენი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ არ იცის რამ გამოიწვია გაუგებრობა მისი მოადგილის განცხადებასთან დაკავშირებით, რადგან სახალხო დამცველი, შეუძლებელია სასამართლოს საკითხს ჩამოშორდეს. იოსელიანი ამბობს, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან.
"სახალხო დამცველი შეუძლებელია ჩამოშორდეს სასამართლოს საკითხს, მათ შორის სასამართლოს რეფორმირების, სასამართლოს მონიტორინგის საკითხს, ვინაიდან ეს გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით. მე არ ვიცი რამ გამოიწვია გაუგებრობა, მაგრამ ხაზი მინდა მინდა გავუსვა, რომ სახალხო დამცველი იყო, არის და იქნება ჩართული ყველა პროცესში, რომელიც დაკავშირებულია სასამართლოსთან. ეს ბუნებრივია არის ჩვენი მანდატის ნაწილი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ", - თქვა ლევან იოსელიანმა.
სახალხო დამცველის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე თქვა, რომ ომბუდსმენს არ აქვს განსაზღვრული სასამართლო სისტემაზე მუშაობის ზუსტი გზები და მეთოდები. მისმა განცხადებამ არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვები გაუჩინა.
"რაც შეეხება კანონის უზენაესობას, თქვენ იცით, რომ სახალხო დამცველი საკმაოდ შეზღუდულია თავის მანდატში. ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული სასამართლო სისტემაზე მუშაობის ზუსტი გზები და მეთოდები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენ მანდატში არ შედის, გადავწყვიტეთ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფში მივიღოთ მონაწილეობა და შესაბამისი რეკომენდაციაც მოვამზადეთ".