GDI პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. ორგანიზაციამ სასამართლოს "ფორმულას" ჟურნალისტ გიორგი კიკაბიძის და ოპერატორის, გენადი ქვაჩახიას სახელით მიმართა.

GDI-ს პოზიციით, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, დაუშვებელია პარლამენტარების და საჯარო მოხელეების არასასურველი კითხვებისგან დაცვის მიზნით ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა.

"გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, პარლამენტში ჟურნალისტთა  აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს. ხსენებული ნორმის საფუძველზე, პარლამენტმა მოსარჩელეებს მმართველი პარტიის წევრისთვის, ირაკლი ზარქუასთვის რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ კითხვების დასმის გამო აკრედიტაცია 1 თვის ვადით შეუჩერა.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესად სახელდება პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომელზე პასუხიც მითითებული პირებისთვის შესაძლოა არ იყოს სასურველი, რის გამოც უარს იტყვიან ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემაზე", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ გასაჩივრებული ნორმები არ ითვალისწინებს მთელ რიგ პროცედურულ გარანტიებს, რომელიც მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ საკუთარი უფლებების დასაცავად. კერძოდ:

  1. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი აკრედიტაციის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას  იღებს ჟურნალისტების პოზიციის გათვალისწინების გარეშე;

  2. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება კერძო და საჯარო ინტერესებს შორის დაბალანსების საკითხი. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი არ აფასებს,  რა უფრო მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის: ჟურნალისტის მიერ საკუთარი უფლების განხორციელება პარლამენტის შენობაში, თუ პარლამენტარისთვის შექმნილი დისკომფორტი, რომელიც ჟურნალისტის მიერ კითხვის დასმის/ინტერვიუს ჩაწერით არის გამოწვეული;

  3. გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება ინტერვიუს ჩაწერის ინიციატორის ვინაობა და აკრედიტაციის შეჩერება ეხება არა მხოლოდ იმ ჟურნალისტს, რომელიც უარის თქმის შემდეგ კვლავ განაგრძობს ინტერვიუს, არამედ სპეციალური აკრედიტაციის მქონე იმ პირებსაც, რომლებიც ტექნიკურად უზრუნველყოფენ ინტერვიუს ჩაწერას, მაგალითად ოპერატორებს. ამას ადასტურებს მოსარჩელე გენადი ქვაჩახიასთვის აკრედიტაციის შეჩერება, რომელიც სწორედ ტექნიკურად ახორციელებდა ინტერვიუს ჩაწერას (მოსარჩელე გახლავთ ოპერატორი) და მას კითხვები არ დაუსვამს რესპონდენტისთვის.

GDI მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ნორმები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის, ინფორმაციის მიღებისა და გავრცელებისა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლებასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი