შინაგან საქმეთა სამინისტრო სამხარაულის ბიუროს მიერ ჩატარებული ხელწერის ექსპერტიზის დასკვნას აქვეყნებს.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებულ იქნა ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ - შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ. შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით. ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი.
შსს-ს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ექსპერტიზები.