პოლიციელი ყვება, რომ მანქანაში, რომლის დაწვასაც გრიგორიადისს ედავებიან ძვირადღირებულ სათვალეს, საათს, ფეხსაცმელს ინახავდა

გამოქვეყნდა:

13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-8 მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოკითეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსის მოადგილის, გიორგი მაისურაძის დაკითხვას ხმაური მოჰყვა.  დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავმა პროცესზე ჩვენება შეცვალა, საქმეში არსებულ ჩვენებაში ის ამბობს, რომ საკუთარი თვალით არ უნახავს როგორ აზიანებდნენ მის მანქანას, გამოკითხვაზე კი გიორგი მაისურაძემ თქვა, რომ ფაქტს უყურებდა.

დაპირისპირება მოყვა მაისურაძის ჩვენების სხვა ნაწილსაც. ჩვენებაში წერია, რომ მას ავტომობილში შენახული ჰქონდა 1 300 ლარის ღირებულების სათვალე, 3 200 ლარის ღირებულების საათი "ეფლ ვოჩი", 1 000-ლარიანი "ლაკოსტას" ბრენდის ფეხსაცმელი და სხვა ძვირადღირებული ნივთები. მოწმემ ეს სასამართლოშიც დაადასტურა და განმარტა, რომ ყველა ნივთი ბანკის ბარათით შეიძინა, რაც მისი გადახდების ისტორიაშიც ასახულია.

"ხელფასი რამდენი გაქვთ?" - ბრალდების მხარის პროტესტი სწორედ ადვოკატების მეირ დასმულ ამ შეკითხვას მოჰყვა. დეკლარაციით დგინდება, რომ გიორგი მაისურაძემ ამ პოსტზე ყოფნისას 17 სამუშაო დღეში ანაზღაურების სახით 1 780 ლარი მიიღო, გამოდის, რომ მისი თვიური ხელფასი დაახლოებით 3 500 ლარს შეადგენს. 

პროკურატურისა და მოსამართლის განმარტებით გრიგორიადისს ძვირადღირებული ნივთების განადგურებას არავინ ედავება, შესაბამისად როგორ შეიძინა საჯარო მოხელემ ამ ღირებულების ნივთები სასამართლოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა.

ჩვენების თანახმად, ძვირფას ნივთებთან ერთად მოწმემ ავტომობილში დატოვა კუთვნილი რაცია, რომელიც მისი თქმით, დამჯდარი იყო და სამსახურეობრივი მოწმობა. დღევანდელ პროცესზე დაპირისპირების კიდევ ერთი თემა სწორედ ეს მოწმობა იყო. 

მომდევნო სხდომა საქალაქო სასამართლოში 27 ივნისსაა ჩანიშნული, ლაზარე გრიგორიადისი პროცესზე კუთვნილ უფლებას გამოიყენებს და საზოგადოებას მიმართავს.

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი