დეა კაპანაძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ყველაზე ახლო მეგობარია, ამ დრომდე გარდაცვლილის ოჯახთან არ მისულა. 23 წლის პროგრამისტის დაკრძალვის შემდეგ კაპანაძე გამოკითხვებზე დადის, თუმცა მეგობრის ოჯახსა და მედიასთან არ ჩნდება..
ახალი სახელები და გვარები ბაჩალიაშვილის საქმეში მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ოჯახს ბაჩანა ლობჟანიძე დაუკავშირდა და თავი თამარის შეყვარებულად გააცნო. ლობჟანიძე უკვე მეორე დღეა ასახელებს მარიამ ვარდიაშვილს და მის გამოკითხვას ითხოვს. ვარდიაშვილი საგამოძიებო უწყებაში გასულ საღამოს დაიბარეს. ლობჟანიძის მტკიცებით, ვარდიაშვილმა, რომლის ნათესავებიც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრობენ, შესაძლოა ინფორმაცია ჰქონოდა, რა მიზეზით ჩავიდა 23 წლის პროგრამისტი ჯერ ხაიშში, შემდეგ გოლთეთსა და მაწევანში.
ლობჟანიძე ასახელებს კიდევ ერთ პირს, მიშო იაკობიძეს. მისი მტკიცებით, იაკობიძე, რომელიც ოჯახს ასევე თამარის მეგობრის სტატუსით გაეცნო და რომელიც ამ დრომდე არსად გამოჩენილა, თამარის გაუჩინარების შემდეგ მის სამძებრო სამუშაოებში დამოუკიდებლად ჩაერთო. ლობჟანიძე ფიქრობს, რომ მას შესაძლოა, ბევრი ინფორმაცია ჰქონდეს. იაკობიძის გამოკითხვის მოთხოვნით ლობჟანიძემ კრიმინალურ პოლიციას დღეს მიმართა.
იაკობიძე გამოძიებას არ დაუკითხავს, მან დღეს ლობჟანიძეს რამდენიმე მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და უთხრა, რომ მასთან კავშირს წყვეტს.
საქმეში ახალი ფიგურანტია და ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თავად ლობჟანიძე. პირი რომელიც, ამტკიცებს რომ თამარის ახლო მეგობარია "მთავარ არხს" მხოლოდ ერთ ვიდეოკადრს აწვდის, სადაც ბაჩალიაშვილთან
ერთად არის გადაღებული. თუმცა ეს კადრები კიდევ უფრო მეტი ეჭვს აჩენს, რადგან მანამდე ბაჩანასა და თამარის ნაცნობობის არცერთი ფოტო არ არსებობს.
უცნობია, მართლაც 19 ივნისს გადაიღეს თუ არა ეს კადრები. რესტორანი, სადაც თამარი და ბაჩანა ვახშმობდა ამ დრომდე არ აწვდის იურისტს ვიდეოკამერების ჩანაწერს.
თამარის დედა პირდაპირ ამბობს, რომ ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ოჯახს ურჩევდა საქმეში ფედერალური ბიუროს გამომძიებლების ჩართვის მოთხოვნაზე უარი ეთქვა, მიზანმიმართულად მიგზავნილია. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა სწორედ ის იყოს პირი, რომელიც თამართან ნდობაში შევიდა და ის თეთრწყაროში გაიტყუა.
თამარის დედის ამ განცხადებას ბაჩანა ლოჟანიძე აბსურდულად თვლის და ამბობს, რომ ის შეძლებს თამარის ბუნდოვანებით მოცულ გარდაცვალების საქმეში საკვანძო დეტალები იპოვოს და საქმის გახსნაში მთავარი მოქმედი პირი იყოს. ლობჟანიძე ასევე მზადაა, რომ გარდაცვლილის დედის, თეონა თამაზაშვილის მოთხოვნის შესაბამისად ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდეს.
ვინ იქნება შემდეგი პირი, ვისაც ბაჩანა ლობჟანიძე დაასახელებს ჯერ უცნობია. ამბობს, რომ თამარის გარდაცვალების საქმეში კიდევ ბევრი ფიგურანტია, ყველასთან პირად კონტაქტზე გასულია და ყველას პასუხი მოეთხოვება.