
ბათუმში 15 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მასთან სქესობრივი კავშირის ბრალდებით დაკავებულ კაცს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. პროკურორი ალექსანდრე ძირკვაძემ პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ დამატებითი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში გამორიცხული არაა დაკავებულს ბრალი დაუმძიმდეს.
ბრალდებულს 7-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ბრალდებული და გარდაცვლილი ერთმანეთს რამდენიმე წლის განმავლობაში იცნობდნენ, ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ერთი და იგივე მისამართზე ცხოვრობდნენ ქალაქ ბათუმში. ვინაიდან, საკმაოდ სენსიტიურ და მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე ამასთან გარდაცვლილი არის არასრულწლოვანი, მე სხვა დეტალების გასაჯაროებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, თუმცა გიდასტურებთ იმას, რომ ნამდვილად არსებობს მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის, როგორიც არის მოწმეთა გამოკითხვების ოქმი და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამოძიება გრძელდება, იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება დამატებითი გარემოებები და ფაქტები, ასეთ შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ, რომ შესაძლებელია მოხდეს ბრალდების დამძიმება", - თქვა პროკურორმა.
თავად დაკავებულმა პროცესის შემდეგ კომენტარი არ გააკეთა.
პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დაკავებული წარსულშიც ნასამართლევია. 15 წლის მოზარდი 11 ივნისს, საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა. ის მძიმე დაზიანებებით, კლინიკაში გარდაიცვალა.