მსოფლიო ჩემპიონის, გიორგი კანდელაკის ვაჟი თარაშ კანდელაკი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო გარდაცვლილი, ერეკლე თელიაშვილის სხეულის განზრახ დაზიანების ეპიზოდში და ის მხოლოდ ძალადობაში გაამტყუნა. თარაშ კანდელაკს სასამართლომ 8 თვით და 25 დღით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ციხეში ერთი დღის გატარებაც არ მოუწევს, რადგან 9-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა და სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
ვერდიქტს ცოტა ხნის წინ გამოეხმაურნენ დაღუპული ერეკლე თედლიაშვილის ოჯახის წევრები. ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვეს, რასაც კანდელაკის გავლენებს უკავშირებენ. ოჯახი ამბობს, რომ მიზანმიმართულად განადგურდა მტკიცებულებები, მაგალითად კამერების ჩანაწერების წაშლა.
ოჯახი მაინც აპირებს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივროს.
"მე ვერ გავიგე ვინ მოკლა მაშინ ჩემი შვილი, ვინ დაარტყა, ვინ სცემა, იმან არა, იმან არა, მაშინ ვინ?! მე სასამართლოსგან ვერ გავიგე რამ გამოიწვია ერეკლე თედლიაშვილის ასეთი ტრავმა, რომელიც მან მიიღო ამ ჩხუბში. თუ თარეშმა არ დაარტყა, მაშინ ვინ დაარტყა, ვერ გამცეს ამაზე პასუხი", - ამბობს გარდაცვლილის მამა.
დედა ამბობს, რომ არ იცის სად წავიდა სისხლიანი ტანსაცმელი, რომელიც დაპირისპირების დროს ბრალდებულებს ეცვათ. მისივე თქმით, ოჯახს არ აქვს ექსპერტიზის დასკვნა.
ვერდიქტის გასაჩივრებას აანონსებს კანდელაკის ოჯახიც. ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რითიც თარაშ კანდელაკის ბრალეულობა დასტურდება, ამიტომ არ გამორიცხავენ სააპელაციო სასამართლოს მიმართონ. სასამართლო სხდომის დეტალები "მთავარი არხისთვის" მხოლოდ დღეს გახდა ცნობილი, სხდომა კი მოულოდნელად გუშინ ჩატარდა.