
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნაცემ სტუდენტს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. ლუკა შველიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. მას დღეს ექსპერტიზაც ჩაუტარდა, რომლითაც უნდა დადგინდეს, რა დაზიანებები მიიღო ანგარიშსწორების შედეგად.
"17 ივნისის ამბებზე დღეს მომანიჭეს დაზარალებულის სტატუსი. რა თქმა უნდა, ველოდები გამოძიების გაგრძელებას და ველოდები იმას, რომ დამნაშავეები დაისჯებიან და სამართლიანობა აღდგება. ასევე, მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩემს დარბევაში მონაწილეობას იღებდა. რომ ეს არის ის პირველი ნაბიჯები, რომლითაც თქვენი მთავრობა დაემხობა და ფიზიკურად ვეღარ შეძლებთ, რომ ესე სტუდენტებზე იძალადოთ, სტუდენტებს რეკეტები მოუწყოთ," - ამბობს შველიძე.
მისი ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე კი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაზარალებულად არის ცნობილი, მაგრამ დაუყოვნებლივ უნდა დაისაჯონ მოძალადეები.
"მე ხელთ მიჭირავს დაზარალებულის დადგენილება, რომელიც გამოიტანა ბრალდების მხარემ და პროკურატურამ. მე თავიდანვე ვამბობდი, როდესაც ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული კადრები, ჩანდა, თუ როგორ ძალადობდნენ ლუკაზე. მაგრამ ეს არის პირველი ფაზა. დღეს ლუკა არის დაზარალებულად ცნობილი, მაგრამ აუცილებელია ზუსტად დადგინდეს, და მართალი გითხრათ, დადგენილიც არის ვინ იძალადა ლუკაზე და დაუყოვნებლივ ეს ადამიანები უნდა იყვნენ დასჯილები და ამ ადამიანებზე უნდა იქნეს ბრალი წაყენებული," - თქვა ტყეშელაძემ.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ სტუდენტს, რომელსაც ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად საპროტესტო ბანერების გაშლა უნდოდა უცნობი პირები თავს დაესხნენ და კიბიდან დააგორეს. შემდეგ კი კლინიკაში გადაყვანილ ნაცემ სტუდენტს, სავარაუდოდ, ნასვამი პოლიციელი პალატაში იარაღით დაემუქრა. ამ ფატის შესწავლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.