კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუმცა დღევანდელ საგამოძიებო მოქმედებას ZAG-ის წარმომადგენლები ბაჩანა ლობჟანიძის ბრალდებებს უკავშირებენ.
გრძელდება "ბაჩანას გამოძიება" ...ყველანაირი ინფორმაცია კომპანიას და კომპანიის თანამშრომლებს მიწოდებული აქვთ. ბაჩანას მითითებებით და ბაჩანას აზრებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით რისი მიღწევა უნდათ არ ვიცი. მაქვს კითხვა საგამოძბებო ორგანოებთან, ჩატარდა თუ არა თვითონ ბაჩანა ლობჟანიძის სახლში ჩხრეკა - ამბობს კომპანიის ადვოკატი, რომელიც სახლებში, ჩხრეკის საჭიროებას ვერ ხედავს.
კომპანიის დირექტორის სახლში უკვე დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები. ბინიდან პოლიციამ ტექნიკა და კომპიუტერები ამოიღო.
კომპანიის იურისტის, მამუკა ჭაბაშვილის ინფორმაციით, გამოძიებამ მათ 1 აგვისტოთი დათარიღებული ჩხრეკის ოქმი წარადგინა, რაც მასში ეჭვს იწვევს, რატომ დასჭირდა 1 კვირა გამოძიებას ჩხრეკის ჩასატარებლად, თუ ფიქრობდნენ, რომ ბინებში საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტს იპოვიდნენ.
პარალელურად კი გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები დღეს ისევ შსს-ში დაიბარეს. ოჯახს გამოძიების მასალები უნდა გააცნონ. ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, მათ თანხებისა და ტრანზაქციების ისტორიები აინტერესებთ.