ღამის კლუბში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა [Video]

გამოქვეყნდა:

გუშინ, 20 ივნისს, თბილისში ღამის კლუბში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უწყება განმარტავს, საგამოძიებო მოქმედების შედეგად სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს. 

საუბარია ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითურ სქემაზე:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 8 პირი დააკავეს.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნასამართლევები, 1968 წელს დაბადებული რ.მ., 1998 წელს დაბადებული ა.დ. და 1982 წელს დაბადებული გ.ც., 1999 წელს დაბადებული დ.ბ., 1989 წელს დაბადებული დ.ა., 1992 წელს დაბადებული გ.კ., 1981 წელს დაბადებული ზ.დ. და 1970 წელს დაბადებული მ.დ.

დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს - რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან - ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ. ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას.

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავამ," - წერს შსს. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ვიდეო

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი