
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ 13 ივნისის ცვლილებები ვერ პასუხობს მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ფუნდამენტურ გამოწვევებს.
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო. „ქართული ოცნების“ მიერ ცვლილებების მიღების გაცხადებული მიზანი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, კანონპროექტი ვერ ასრულებდა მართლმსაჯულების შესახებ რეკომენდაციას.
დასკვნის მიღების შემდეგ მმართველმა პარტიამ გადაამუშავა კანონპროექტი. მიუხედავად ამისა, ცვლილებები კვლავ გვერდს უვლის სასამართლოში არსებულ მთავარ პრობლემას - სასამართლოს პოლიტიზირებას, სისტემის ჩაკეტილობას და მოსამართლეებზე არაფორმალურ გავლენებს. საკანონმდებლო ცვლილებები მეტად ფრაგმენტულია და მხოლოდ პროცედურულ გაუმჯობესებებს გვთავაზობს... " აცხადებს კოალიცია.
სამოქალაქო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტს, კანონი დაჩქარებული წესით დასკვნის მისაღებად წარუდგინოს ვენეციის კომისიას;
ასევე, მოუწოდებენ პრეზიდენტსა და პარლამენტს, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად კანონში მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის ასახვას.