
სამართლიანი განაჩენის არანაირი იმედი არა მაქვს. პოლიცია თქვენია, სასამართლო თქვენია, პროკურატურა თქვენია, რასაც პროკურატურა იტყვის, ის იქნება განაჩენი, უვადო გამოიტანეთ თუ გინდათ რა აზრი აქვს - ბადრი ესებუამ სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. წესით, ცოტა ხანში ცნობილი უნდა გახდეს ბრალდებულის განაჩენი.
შეგახსენებთ, ორწლიანი ძებნის შემდეგ პოლიციამ ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავა. ის ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ნათესავის სახლში აიყვანეს. ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკში" შეიჭრა 40-ზე მეტი პირი მძევლად აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა, თანხის მიღების შემდეგ კი მიმალვა შეძლო.
აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ცნობისთვის, დაკავების შემდეგ ესებუას პროკურატურამ ახალი ბრალიც წარუდგინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა და შენახვის ფაქტებზე. ამ საქმეზე ზუგდიდის სასამართლომ ის 5 აპრილს დამნაშავედ ცნო და 4 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.