23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ. სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით გუშინ, 25 ივნისს დააკავეს. უცნობია, აღიარებს თუ არა ბრალს შუბითიძე.
საუბარია იმ ინტერვიუზე, რომელიც შუბითიძემ ტელეკომპანია ფორმულას რამდენიმე თვის წინ მისცა. პროკურატურის ვერსიით, ინფორმაცია „არაერთ ტყუილს შეიცავდა და მიზნად ისახავდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის, საზოგადოების, საგამოძიებო უწყებისა და მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანას".
გამოძიების პროცესში არსებულ დარღვევებზე საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატიც.
"ალბათ ყველას კარგად ახსოვს თავიდანვე, პირველი დღიდან გამოძიების მსვლელობისას რა დარღვევებზე იყო ადვოკატების მხრიდან საუბარი. იგივე მობილური ტელეფონი, იგივე ლეპტოპი, ეს ყველაფერი, აბსოლუტურად, ჩვენ თავიდანვე გვქონდა ამაზე საუბარი, რომ იყო ძალიან დიდი დარღვევები და იმაზე საუბარი, რომ თითქოსდა facebook-იდან და Google-დან გამოთხოვილი იყო შინაარსობრივი ინფორმაციები, ეს არ არის სიმართლე. ხვალ მე მომადგნენ და მე დამდონ ბრალი რაღაცაში, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მე მომაშორონ ამ საქმეს", - ამბობს რამიშვილი.
შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითძის თქმით, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია.