გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი, სერგო შუბითიძე ბრალს აღიარებს. ის გუშინ დააკავეს ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით. ადვოკატმა მედიასთან თქვა, რომ სასამართლოს დაცვის მხარე გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შევხვდი. აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ამბობს, რომ მინდა ვამცნო საზოგადოებას, რომ მას შეეშალა სხვა ტელეფონი და არა პირადად ბაჩალიაშვილის ტელეფონზე არ იყო საუბარი. აღკვეთზე ჩვენი პოზიციაა ისაა, რომ რადგან პირი აღიარებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულია, მას ოჯახი ჰყავს, სამი შვილი ჰყავს, ოჯახი ელოდება, არ უნდა იყოს ასეთი მკვეთრი ბრალდების მხარე და თვითონ სასამართლოც გადაწყვეტს ალბათ. რა თქმა უნდა, გირაოს შევთავაზებთ", - თქვა ადვოკატმა.
პროკურორის განცხადებით, ბრალდებული მოტივს არ ასახელებს და დეტალურად საუბრისგან თავი შეიკავა.
ბაჩალიაშვილის ოჯახი ამბობს, რომ პროკურატურასთან დღეს, 17:00 საათზე აქციას გამართავენ. ოჯახი ფიქრობს, რომ ყოფილი გამომძიებელი იმიტომ დააკავეს, რომ ტელეეთერით სიმართლე გააჟღერა.
29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითიძე ამბობდა, რომ არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის, მან თქვა, რომ მტკიცებულებები გაყალბებულია.