"შესაბამისმა სტრუქტურებმა ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობის არაერთი პრევენცია მოახდინეს", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საუბრობს. მისი თქმით, სანქციების რეჟიმის დაცვა სწორედ იმ ქვეყნებიდან უნდა ხდებოდეს, ვინც სანქციებს აწესებს. გარდა ამისა, დავითაშვილი ამბობს, რომ სანქციების შესრულების ნაწილში საქართველო გამორჩეულად საიმედო პარტნიორია.
"ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობის. ჩვენ არ წარმოვიდგინეთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი, იმავე სანქციების დამწესებელი ქვეყნების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში რისკები არსებობს, მათ შორის ამ ქვეყნებიდან საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობის კუთხით. საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება, პრევენცია. ასევე, მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და ამ შემთხვევაშიც საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ამ ინფორმაციის გაცვლის კუთხით" - ამბობს დავითაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ოსალივანი თბილისშია. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან, 27 ივნისიდან დაიწყება სადაც სალივანი სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ობრაიენი და კუმარ აიერი შეხვდებიან პრემიერს, მთავარ ეკონომიკურ გუნდს, გენერალურ პროკურორს და ბიზნესის წარმომადგენლებს.