
"სულაკაურის გამომცემლობა" მათ წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას ეხმაურება და აცხადებს, რომ თავდასხმის კვალდაკვალ, საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა მიიღეს.
გამომცემლობა წერს, რომ წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ იქნება იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული, რომლებისთვისაც არასდროს უღალატია.
"ბოლო დროს ჩვენი გამომცემლობის მიმართ ღიად პრორუსული ჯგუფების მიერ განხორციელებული თავდასხმის კვალდაკვალ, საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა და კეთილგანწყობა ვიგრძენით.
გვინდა, დიდი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ თქვენგანს იმ ამაღელვებელი და ემოციური შეტყობინებებისთვის, განცხადებებისა თუ კომენტარებისთვის, რომლებიც გვაძლიერებდა და სიმტკიცეს გვმატებდა ამ რთული დღეების განმავლობაში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენმა მხარდაჭერამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვართ მარტო თანასწორობის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლაში და რომ ამ გზას ჩვენს ერთგულ მკითხველებთან, ავტორებთან, მთარგმნელებთან, ილუსტრატორებთან, კოლეგებთან, პარტნიორებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გავდივართ, რისთვისაც კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას.
გპირდებით, რომ ჩვენ მიერ გამოცემული წიგნებით, ამბებითა და ისტორიებით მუდამ ვიქნებით იმ ღირებულებებისა და პრინციპების ერთგულნი, რომლებისთვისაც არასდროს გვიღალატია," - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, 30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა "ლგბტ პროპაგანდაზე" ისაუბრა და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. მან სულაკაურის გამომცემლობა, ასევე მაკდონალდსი ე.წ. პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა. თემაზე საუბრისას ღარიბაშვილმა საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაც არ გამორიცხა.
პრემიერმინისტრის განცხადებიდან მეორე დღეს იმავე შინაარსის განცხადება ჰქონდა საპატრიარქოსაც. საპატრიარქოს თქმით, "ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, დროა კანონით დარეგულირებაზე ვიმსჯელოთ."
ასევე ნახეთ: