
სულაკაურის გამომცემლობის მიმართ აგორებულ კამპანიას "მწერალთა სახლი" და წიგნის გამომცემელთა ასოციაცია ეხმაურება.
მწერალთა სახლმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხელისუფლების მხრიდან გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება აძლიერებს აგრესიას და აჩენს ცენზურის ნიშნებს.
"მწერალთა სახლი დაუშვებლად მიიჩნევს „სულაკაურის“ გამომცემლობის წინააღმდეგ აგორებულ ძალადობრივ კამპანიას.
ხელისუფლების მიერ გამომცემლობის ლგბტ პროპაგანდაში დადანაშაულება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია; ეს მხოლოდ აძლიერებს აგრესიას კონკრეტული ადამიანების მიმართ და აჩენს ცენზურის ნიშნებს სახელმწიფოში, სადაც გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციითაა დაცული.
მწერალთა სახლი სოლიდარობას უცხადებს თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ პირველ გამომცემლობას და პროფესიონალთა გუნდს, რომელთა დამსახურებითაც უკვე 24 წელია, საქართველოს მოქალაქეები ქართული და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, საბავშვო და საყმაწვილო პროზასა და პოეზიას, საგანმანათლებლო და შემეცნებით ლიტერატურას ეცნობიან.
მწერალთა სახლის ისტორია ქართული მწერლობის ცენზურის ისტორიაცაა, რომლის სიღრმისეული ცოდნა გვაძლევს უფლებას ყველას შევახსენოთ, რომ „წიგნების დაწვაზე უარესი დანაშაულიც არსებობს. ერთ-ერთი - მათი წაუკითხაობაა", - ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აცხადებს, რომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან. ასოციაციამ ხელისუფლებას აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდა.
"30 წელზე მეტია, რაც საქართველოში მოქმედი წიგნის გამომცემლობები ქვეყნის წინსვლას ვემსახურებით. ამ ხნის განმავლობაში ბევრი სირთულე დავძლიეთ, რომ შინ თუ გარეთ, მთელი მსოფლიოს თვალში, საქართველო თანამედროვე ტოლერანტულ სახელმწიფოდ წარმოჩენილიყო.
სამწუხაროდ, „ჩაკეტილი საზოგადოების“ მძიმე მემკვიდრეობა კვლავაც ხშირად იჩენს თავს. ბოლო დროს გახშირდა თავდასხმები გამომცემლობებსა და ცალკეულ წიგნებზე აგრესიული პირების, მედიის თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან. ამ მოცემულობაში განსაკუთრებით საგანგაშოა მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელის ნებისმიერი განცხადება, რომელიც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მოწოდებად აღიქმება.
გვინდა შევახსენოთ ყველას, რომ გამოხატვის თავისუფლებას არაფერი აქვს საერთო აგრესიულ თავდასხმებთან. წიგნი და ლიტერატურა რეალობის ამსახველი ცოცხალი პროცესია, რომელიც წარმოუდგენელია მრავალფეროვნების გარეშე. სწორედ ეს მრავალფეროვნება აერთიანებს და აძლიერებს დღეს საქართველოს წიგნის საგამომცემლო სექტორს.
სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა ავტორს, მთარგმნელს, გამომცემელს, რომელიც ტენდენციური, შეურაცხმყოფელი ქმედებების გამო დაზარალდა. მოვუწოდებთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აგრესიული რიტორიკის ნაცვლად აქტუალური პრობლემების მოგვარება დაისახონ მიზნად, რომელთა შორის წიგნიერებისა და განათლების ხელშეწყობის საკითხი უპირველესია. რა თქმა უნდა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ყოველთვის მზად იქნება კონკრეტული ინიციატივების განხილვისა და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისთვის", - ნათქვამია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის განცხადებაში.
30 ივნისს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას, ღარიბაშვილმა "ლგბტ პროპაგანდაზე" ისაუბრა და ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა. მან სულაკაურის გამომცემლობა, ასევე მაკდონალდსი ე.წ. პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა. თემაზე საუბრისას ღარიბაშვილმა საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაც არ გამორიცხა.
პრემიერმინისტრის განცხადებიდან მეორე დღეს იმავე შინაარსის განცხადება ჰქონდა საპატრიარქოსაც. საპატრიარქოს თქმით, "ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია, დროა კანონით დარეგულირებაზე ვიმსჯელოთ".