ველისციხეში 71 წლის თანასოფლელების მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სამართალდამცავებმა სოფელ ველისციხეში, მკვლელობის ადგილზე მუშაობა ცოტა ხნის წინ დაასრულეს. ცხედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული. ორივე მოკლული 71 წლისაა, ერთ-ერთი მათგანი მუნიციპალური სამსახურის თანამშრომელია.

ისინი ცეცხლსასროლი იარაღით თანასოფლელმა, 31 წლის გიორგი ფარსადანიშვილმა მოკლა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წარსულში დაპირისპირება მხარეებს შორის არ ყოფილა.

"უბრალოდ მისალმებია, ისინი მსხდარან ორივენი, იმას უხეშად რაღაც უთქვამს, რატომ მეუბნები ასეთ რაღაცას უხეშადო უთქვამს, შელაპარაკება მოხდა, ამან ადგა და სცემა, როგორ ირკვევა, ამ ცემას სიკვდილი მოჰყვა. თოფი გამოიტანა თუ რითი ესროლა, არავინ არ იცის", - ამბობს ადგილობრივი.

ბრალდებული მიიმალა, თუმცა შსს ამბობს, რომ ის ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობითვე, 1991 წელს დაბადებული პირი წარსულში ნასამართლევია.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელებს - 1952 წელს დაბადებულ გ.კ.-ს და ამავე წელს დაბადებულ მ.ზ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი