სულ ჩხუბი ჰქონდათ მამა-შვილს, ბიჭი დაჭერილიც იყო - ადგილობრივები სიღნაღში მომხდარ მკვლელობაზე

გამოქვეყნდა:

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში გვიან ღამით შვილმა მამა მოკლა. კაცი ადგილზევე დაიღუპა. ნათესავები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. 

მეზობლები ამბობენ, რომ მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ, მათივე თქმით, შვილი ხშირად იყო არაფხიზელ მდგომარეობაში და კაცს ფიზიკურადაც უსწორდებოდა. ადგილობრივები ყვებიან, რომ წარსულში პოლიციამ ბრალდებული დააკავა, თუმცა მამისავე მოთხოვნით, მოგვიანებით გაათავისუფლეს. 

"სულ ჩხუბი ჰქონდათ მამა-შვილს. მშობელს შვილისთვის ცუდი უნდოდა?! ძალიან თავისებური ბიჭი იყო, ვალებს დაიდებდა, ღვინოს იყიდიდა, ამას-იმას, მერე მამასთან მიდიოდნენ. ოჯახში სულ დავიდარაბა ჰქონდათ. პოლიციამ ერთხელ დააკავა კიდეც ეგ ბიჭი", - ამბობს მეზობელი.

კიდევ ერთი მეზობელი ყვება, რომ ადგილზე პოლიცია მიდიოდა ხოლმე.

"ეს ბიჭი პოლიციაშიც იყო, დაჭერილი ჰყავდათ, მამას ეჩხუბებოდა სულ. ყოველ მეორე ღამეს აქ პატრული იყო", - ამბობს ადგილობრივი.

მომხდარზე გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 20 წლის ბიჭი უკვე დაკავებულია.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი