5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე - თბილისი პრაიდი

გამოქვეყნდა:

"თბილის პრაიდი" ეხმაურება 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან 2 წლის გასვლას და აცხადებს, რომ თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა განსაკუთრებით ამძაფრებს ტკივილისა და უსამართლობის განცდას. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ 5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და ღირსეულ ცხოვრებაზე.

იხილეთ განცხადება:

2021 წლის 5 ივლისის სასტიკი თავდასხმიდან 2 წელი გავიდა. ამ თარიღმა ღრმა და ტრაგიკული კვალი დატოვა ქვიარ ადამიანების, აქტივისტებისა და მედიის წარმომადგენლების მეხსიერებაში.

ტკივილი და უსამართლობის განცდა, რომელიც 5 ივლისს გამოვიარეთ, არ განელებულა. Მას განსაკუთრებით ამძაფრებს თავდასხმის ორგანიზატორების დაუსჯელობა. ყველა მათგანი თავისუფალია და კვლავ ავრცელებს სიძულვილს.

5 ივლისი იყო უდიდესი დარტყმა ქვეყნის დემოკრატიულ მომავალზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობასა და ღირსეულ ცხოვრებაზე. ეს იყო დარტყმა, რომელიც რუსული ფულით დაფინანსებულმა, სამშობლოს გამყიდველმა ადამიანებმა მოგვაყენეს.

ახლა, როცა ქვეყნის დემოკრატიული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქვიარ ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ყველა, ვისაც თანასწორობის და ქვეყნის დემოკრატიული მომავლის სწამს, გავერთიანდეთ, დავდგეთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სადარაჯოზე და მკაფიოდ დავანახოთ ჩვენს მტრებს, რომ გვინდა ისეთი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები თანაბრად იქნება დაცული.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი