თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვის ფაქტზე დაწყებული გამოძიება ამ დრომდე ბუნდოვანი და
ჩახლართულია. მთავარი მხლართავი შინაგან საქმეთა სამინისტროა, რომელმაც საგამოძიებო
მოქმედებების ყველა ეტაპზე, რომელიც აგერ უკვე მესამე კვირაა მიმდინარეობს, არაკომპეტენტურობისა და არაპროფესიონალიზმის აბსოლუტური რეკორდები მოხსნა.
საგამოძიებო უწყების მიმართ ნდობას პირველი ბზარი მაშინ გაუჩნდა, როცა პოლიციამ
სამძებრო ღონისძიებების მხოლოდ იმიტაცია შექმნა, რეალურად კი დაკარგული გოგონას
მანქანას, რომელიც სავალი გზიდან რამდენიმე ასეულ მეტრში არც თუ ისე უსიერ ტყეში იყო
გაჩერებული, სამი დღის განმავლობაში ვერაფრით მიაგნო. საკუთარი უსუსურობის
გადასაფარად მაღალი რანგის პოლიციელებმა დაუჯერებელი ტყუილი თქვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთებული განცხადება სამძებრო ღონისძიებებში დრონებისა და ვერტმფრენის მონაწილეობის თაობაზე ამ ოპერაციის მაღალ ხარისხს უსვამდა ხაზს, თუმცა დამდგარი შედეგი დაღუპილი გოგონას ოჯახსა და მის ახლობლებს სულ სხვა ფიქრებს აღუძრავდა.
ამ ლოგიკით, თუ ავტომობილი თეთრიწყაროს ტყეში სამძებრო ღონისძიებების დაწყების შემდეგ მიიყვანეს, ე.ი. თვითმკვლელობის ვერსია უნდა გამოირიცხოს, რადგან საქმეში მინიმუმ ერთი ახალი ფიგურანტი შემოდის. ადამიანი, რომელმაც ბაჩალიაშვილის ცხედარი ამ ადგილამდე მანქანით მიიტანა და დატოვა. ხოლო თუ საგამოძიებო უწყება ერთადერთ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს, მაშინ ისიც უნდა აღიაროს, რომ სამძებრო ღონისძიებები ქაოტურად და უხარისხოდ მიმდინარეობდა.
საკუთარი ნაკლის აღიარება, როგორც ჩანს პოლიციას არ სურს, შესაბამისად, ამ დრომდე უცნობია რა გადაიღეს დრონებმა, არა და ამ ვიდეო მასალის გასაჯაროებას ოჯახის ადვოკატი პირველივე დღიდან ითხოვდა.
ამ სამი კვირის განმავლობაში მიხეილ რამიშვილს ომდენი პასუხგაუცემელი კითხვა დაუგროვდა, რომ აღარც კი იცის მათ შორის რომელია უფრო მნიშვნელოვანი. მაგალითად ის ვერაფრით ხვდება, რატომ არ დაასწრეს პოლიციელებმა თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის გახსნასა და ექსპერტიზას. ან რატომ დაიბარეს ტელეფონის ექსპერტიზაზე თუ მობილურში არსებული ინფორმაციის კლონირება მის გარეშეც დაწყებული ჰქონდათ.
მობილურ ტელეფონში დაცულ ინფორმაციაზე გაცილებით მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის წესით სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები უნდა იყოს, რომლებმაც თვითმკვლელობისა და მკვლელობის ვერსიიდან ერთ-ერთი ან უნდა გაამყაროს ან შეასუსტოს, თუმცა თამარ ბაჩალიაშვილის დაღუპვიდან სამი კვირის შემდეგაც უცნობია, კონკრეტულად როდის და რა ვითარებაში გარდაიცვალა გოგონა და რა იყო მისი სიკვდილის მიზეზი.
მიუხედავად იმისა, რომ გამოძიებას ასეთი პასუხი ჯერ არ აქვს ის რატომღაც ჯიუტად ცდილობს საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას თვითმკვლელობის ვერსიაზე და ამის უტყუარ მტკიცებულებად პირველ რიგში თამარის კომპიუტერში არსებული მონაცემები მოჰყავს, რომლის თანახმადაც გოგონა ეძებდა საძილე აბებს და გაუჩინარების წინა დღეს დაინტერესდა რა მოუვიდოდა მისი ფეისბუკის გვერდს გარდაცვალებამდე.
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც ამ საქმის, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაური პერსონაჟია, თამუნას დაღუპვას მის სამსახურს უკავშირებს. სხვათა შორის, ეს იყო ერთ-ერთი პირველი ვერსიაც ოჯახისთვის მაშინ, როდესაც გოგონას დაღუპვის ამბავი გავრცელდა.
ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულად მიიჩნევს ვარაუდობს, რომ გოგონას სამსახურეობრივი მოვალეობიდან გამომდინარე, შესაძლოა, წვდომა ჰქონდა ისეთ ვიდეო ფაილებთან, რომლებმაც მას საფრთხე შეუქმნეს.
ამ ვერსიას ბაჩანა ლობჟანიძე თამარის სამსახურის, კომპანია “ზეგის” საქმიანობიდან გამომდინარე ანვითარებს. ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ ქართველი პროგრამისტებით დაკომპლექტებული კომპანია “ზეგი” დაქირავებული ჰყავს ამერიკულ კომპანია “ტროპიკალ ემბასის”, რომელიც ვებგვერდების შექმნისა და მართვის ბაზარზე ოპერირებს.
ლობჟანიძე ვარაუდობს, რომ კომპანია “ზეგი” პროგრამულ უზრუნველყოფას ამ პორნო საიტსაც უწევდა და შესაძლოა მუშაობის დროს თამარი ისეთ ვიდეოს გადააწყდა რაც მისთვის დამღუპველი აღმოჩნდა. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს კომპანია "ზეგის" ადვოკატი.
კომპანია “ზეგს” უკავშირდება საქმეში არსებული ერთი უცნაური წერილიც, რომლის ავტორის ანონიმურობის მიუხედავად მაინც თამარ ბაჩალიაშვილის დაწერილად მიიჩნევა. სიყვარულით, ეჭვიანობითა და სინანულით სავსე წერილი კომპანია “ზეგის” ტექნიკურმა მენეჯერმა ნიკოლოზ გეჯაძემ მიიღო.
საქმეში კიდევ ერთი ბარათია, რომელიც გარდაცვლილის მანქანაში იპოვეს და რომელზეც ექსპერტიზამ უტყუარად დაასკვნა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის დაწერილი, თუმცა ოჯახისთვის ეს წერილიც ეჭვების საფუძველია.
ეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ეჭვის საბურველში ერთი მარტივი მიზეზის გამო ექცევა. რატომღაც, ძალოვანი უწყება საერთოდ არ განიხილავს მკვლელობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ვერსიას და ცდილობს გამოძიების ვექტორი მხოლოდ თვითმკვლელობისკენ გადახაროს, ხოლო ამ გზაზე ეთიკური ნორმების დარღვევას სულაც არ ერიდება.
საკუთარი ძალებით თუ სამთავრობო მედიის დახმარებით, ძალოვანი უწყება ამ ოჯახის წევრებისა თუ უშუალოდ თამარის ცხოვრებიდან ასაჯაროებს ისეთ დოკუმენტებს, რომლებიც თვითმკლელობის თაობაზე მათ ვერსიას გაამყარებს, ხოლო ისეთ დოკუმენტებსა თუ ფაქტებს, რომლებიც თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს უბრალოდ უგულვებელყოფს.
დღეისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული გამოძიების მიმართ ბაჩალიაშვილების ოჯახს ნულოვანი ნდობა აქვს და დიდი ალბათობით, ამ დეფიციტს ვერც სამედიცინო ექსპერტიზების პასუხების გასაჯაროება აღმოფხვრის, შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი საქმეში ფედერალური ბიუროს გამომძიებლებს ჩართვა და საქმის ხელახალი და ობიექტური გამოძიებაა.
ავტორები: გიორგი გვიშიანი, გელა ყაველაშვილი, მეგი კვარაცხელია, ნოდარ ჭადაშვილი