
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ ის დანაშაულში უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს.
პაპუაშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ საქმეზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო, არ ნიშნავს, რომ დანაშაულში სუს-ის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
"გამოძიების დაწყება რომ დასკვნას გულისხმობდეს, მაშინ სასამართლოც არ იქნებოდა საჭირო. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო სამსახური იმდენად ორიენტირებულია ადამიანებზე, რომ როგორც კი ვინმეს, განსაკუთრებით დაზარალებულს, ეჭვი წარმოექმნება, ამ საკითხს სწავლობს და იძიებს. მე ზოგადად, გამოვრიცხავ, რომ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ჩართული იყვნენ დანაშაულის ჩადენაში", - თქვა შალვა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე ჟურნალისტებმა ვიდეომასალები მოიპოვეს, რომელშიც ჩანს, რომ ჟურნალისტზე ანგარიშსწორების ადგილზე სწორედ სპეცსამსახურების თანამშრომლები იმყოფებიან და სავარაუდოდ ადგილზევე ხელმძღვანელობენ ფიზიკურ ანგარიშსწორებას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე საქმის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
მიშა მშვილდაძეს თავს 27 ივნისს დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
იხილეთ ასევე:
მშვილდაძეზე თავდასხმის ფიგურანტი სუს-ის გამომძიებელი, გიორგი მუმლაძეა - "ფორმულას" განცხადება