სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრებლების ინფორმაციით, ოკუპანტებმა ექვსი ადამიანი საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს.
როგორც ისინი ამბობენ, გატაცებულები მდინარეზე იმყოფებოდნენ, რომელსაც სხვა ადგილობრივებიც ხშირად სტუმრობდნენ.
ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ოკუპანტები ჩასაფრებულები იყვნენ მიმდებარე ტერიტორიაზე და როდესაც ახალგაზრდა კაცები შენიშნეს, გადმოვიდნენ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და ისინი ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
"დაკავებულები რომ არიან, წყაროზე იყვნენ, ქეიფობდნენ და რა ვიცი. მეტი რა გითხრა, რა ვიცი. ოკუპირებული არ არის, ეს ჩვენი ადგილი არის. ისინიც ახლო არიან და რა მოხდა არ ვიცი. ამ დრომდე არავინ დამკავშირებია", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
არაოფიციალური ინფორმაციით, გატაცებულები ოკუპანტებმა თავდაპირველად რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს, მოგვიანებით კი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
"მთავარმა არხმა" დაკავებული პირების იდენტიფიცირება შეძლო. ესენი არიან, გოგა უზნაძე, მამუკა გელიაშვილი, ბექა ბეგიაშვილი, ტარიელ ქუჯიშვილი, პაატა ბებნიძე, ნიკა ბალიაშვილი. დაკავებულები მდინარეზე ჯაბა დვალიშვილთან იმყოფებოდნენ, თუმცა დვალიშვილმა ოკუპანტებს გაქცევით დააღწია თავი.
ჯაბა დვალიშვილი სამართალდამცველებმა უკვე დაკითხეს, მას მომხდართან დაკავშირებით მედიასთან საუბარი არ სურს.