კადრები დღეს ტყიბულში მოკლული ზაურ, იგივე კუკა სოფრომაძის და ტყიბულელი კრიმინლის ზაზა კუპატაძის დაპირისპირებას ასახავს.
კადრებში კარგად ჩანს როგორ ელოდება კონკრეტულ პირს კუკა სოფრომაძე და მისი მიახლოებისას მანქანაში მსხდომებს თავდასხმის მზადყოფნისთვის აფრთხილებს. მანქანიდან გადმოსული რამდენიმე პირი, სოფრომაძეს სასტიკად უსწორდება, მანანას შემთხვევის ადგილზე ტოვებენ და თავად გარბიან.
ამ დაპირისპირებაში არსებული უამრავი თვითმხილველის და მტკიცებულების მიუხედავად პოლიციას საქმე არ აღუძრავს და დანაშაული არავის გამოუძიებია. კრიმინალებს შორის დაპირისპირება კი ქურდული წესებით გაგრძელდა და მათი შერიგებაც არავის უცდია.
1986 წელს დაბადებულ თერჯოლელ კუკა სოფრომაძეს და 1965 წელს დაბადებულ ტყიბულელ ზაზა კუპატაძეს შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება. ტყიბულში კარგად იციან რომ ორივე კრიმინალური სამყაროს სხვადასხვა დაჯგუფების წევრია და ტყიბულში ქვანახშირის მსხვილ ბიზნესს აკონტროლებდნენ და ერთმანეთისგან იცავდნენ. ტყიბულელები ღიად არ საუბრობენ, მაგრამ არ გამორიცხავენ რომ გავლენიანმა კრიმინალმა ზაზა კუპატაძემ საკუთარი ბანდის საშუალებით მასზე თავდასხმისთვის შური იძია.
34 წლის ზაურ იგივე კუკა სოფრომაძე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა გამთენიისას ტყიბულის შესასვლელთან მოხდა, სადაც ჩასაფრებულმა ადამიანებმა 34 წლის სოფრომაძეს ცეცხლი გაუხსნეს.
ის უგონო მდგომარეობაში ტყიბულის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მოკლულის ცხედარი სამხარაულის ბიუროდან სახლში, თერჯოლის რაიონის სოფელ რუფოთშია გადასვენებული. ოჯახი არ საუბრობს ვის შეიძლებოდა მოეკლა ზაურ იგივე კუკა სოფრომაძე. ნათესავები ამბობენ, რომ ის ტყიბულში ნათლობაზე იყო წასული.
ტყიბულის პოლიციაში გამოკითხვები ამ დრომდე გრძელდება.
დაკავებულია ხუთი ადამიანი. მათი ოჯახის წევრები დღეს ტყიბულის პოლიციასთან მივიდნენ და განაცხადეს, რომ პოლიციამ ისინი გვიან ღამით დააკავა, რა დროსაც მათ სასტიკად სცემდნენ და აიძულებდნენ კუკა სოფრომაძის მკვლელობა ეღიარებინათ.
სამართალდამცველები ჯერ ვერ აკონკრეტებენ რა უძღოდა წინ ტყიბულში მომხდარ მკვლელობას. გამოძიება სსკ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამნაშავე ჯერ იდენტიფიცირებული არ არის და საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ჯერ უცნობია დაკითხავენ თუ არა კუკა სოფრომაძის მთავარ მოწინააღმდეგეს - ზაზა კუპატაძეს, რომელსაც ხელისუფლებაში გავლენიანი მფარველები ჰყავს.