
საგარეჯოში მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციაში დაშავებული მოქალაქეების გამოკითხვები დაიწყო. მათ შორის იკითხება "მთავარი არხის" ჟურნალისტი ია გულიაშვილი.
როგორც ია გულიაშვილი ამბობს, გამოძიებასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები არ აქვს, რადგან უახლოეს წარსულში არის ძალადობის მაგალითები, რომლებზეც საგამოძიებო სამსახურს და სხვა უწყებებს შესაბამისი რეაგირება არ ჰქონიათ.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თელავის ოფისში ვარ, სადაც დამიბარა გამომძიებელმა და სავარაუდოდ მას ექნება კითხვები, საგარეჯოში გუშინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. მე ბუნებრივია, ყველა შეკითხვას ვუპასუხებ, თუ რა სასტიკად გვისწორდებოდნენ "ქართული ოცნების" საჯარო მოხელეები ჩვენ, მედიასაშუალებების წარმომადგენლებს. ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტი გვინახავს, სახეზეა 5 ივლისი მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლებას და შესაბამის უწყებებს არ აქვთ მოტივაცია იმისთვის, რომ მოხდეს თავდამსხმელების გამოვლენა და მათი შესაბამისი დასჯა, აქედან გამომიდინარე ლოგიკურია, რომ არ ვიყო განსაკუთრებით იმედით წარმოდგენილი ამ სტრუქტურაში" - ამბობს ია გულიაშვილი
კაციტაძის უწყებაში დღეს ასევე იმყოფებოდა "ფორმულას" ჟურნალისტი გიორგი კვიჟინაძე. მისი თქმით, მან უწყებას მისცა დეტალური ინფორმაცია იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც ძალადობრივ ქმედებებში იღებდნენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 6 ივლისს, ენმ საგარეჯოში ადგილობრივ პენსიონერებთან შეხვედრას მართავდა, რა დროსაც იქ "ქართული ოცნების" პარტაქტივი და საჯარო მოხელეები მიიჭრნენ ქვების სროლით, გინებითა და მუქარით. მოძალადეები, რომლებიც საჯარო მოხელეები არიან, განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ჟურნალისტების მიმართ. დააზიანეს "მთავარი არხის" კამერა და ქვა ესროლეს ია გულიაშვილს.