ბიძინა ივანიშვილისა და გიორგი ბაჩიაშვილის გზები საბოლოოდ გაიყარა. ყოფილი მოკავშირეები ამიერიდან სისხლის სამართლის საქმის მთავარი ფიგურანტები არიან - სხვადასხვა სტატუსით. ბაჩიაშვილი ბრალდებულია- ივანიშვილი კი დაზარალებული, რომელიც ყოფილ პირად ფინანსისტს 40 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინების მითვისებაში ადანაშაულებს.
საქმემ ამ მოცემულობით ბევრი კითხვა გააჩინა. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის გაუგებარი იყო რა დააშავა ბაჩიაშვილმა ისეთი, რის გამოც ოლიგარქმა ის ასე დასაჯა და მძინე ფინანსური საქმის ბრალდებულად აქცია. მთავარ შეკითხვას პასუხი დღეს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი გენერალური დირექტორის ბრიტანელმა ადვოკატმა გასცა. რობერტ ამსტერდამი ამტკიცებს რომ მისი კლიენტი საქართველოს არაფორმალური მმართველის პირადი შურისძიების მსხვერპლია, საქმეში კი პოლიტიკურად მოტივირებული დევნის ნიშნებია.
რობერტ ამსტერდამი მსოფლიოში ცნობილი იურისტია. ის არის ამსტერდამი და პარტნიორების ერთ-ერთი დამფუძნებელი. 40 წლიანი კარიერის განმავლობაში ადვოკატი ამსტერდამი არაერთ გახმაურებულ საქმეში მონაწილეობდა და იცავდა მათ ვისაც პოლიტიკურად დევნიდნენ. ამსტერდამი იყო თურქი ოპოზიციონერის ადვოკატი, ასევე მონღოლეთისა და ტაილანდის ყოფილი პრემიერმინისტრების დამცველი. ის ადვოკატირებას უწევდა პუტინის დევნილ რუს მილიარდერ მიხაილ ხოდორკოვსკის, ასევე დუმის ყოფილ დეპუტატს ილია პონომარიოვს. ამიტომ იცის, როგორ გაუმკლავდეს პუტინის რუსულ მეთოდებს. რობერტ ამსტერდამის დასაცავთა სია საკმაოდ გრძელია, თუმცა ყველას აქვს საერთო მახასიათებელი ყველგან მისი კლიენტები საკუთარი ხელისუფლებების პოლიტიკური დევნის მსხვერპლები იყვნენ.
ამ გამოცდილების გამო რობერტ ამსტერდამისთვის ძნელი არ იყო ამოეცნო პოლიტიკური მახასიათებელი ბაჩიაშვილის საქმეშიც. ადვოკატი ამბობს ივანიშვილმა ის მისგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დასაჯა.
ივანიშვილ-ბაჩიაშვილის პოლიტიკურ შეხედულებებში განსხვავება 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო. როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას.
ამ პერიოდიდან გიორგი ბაჩიაშვილი აქტიურად დებდა უკრაინის მხარდამჭერ პოსტებს სოციალურ ქსელში. აკრიტიკებდა პუტინის ხელისუფლებას და სრულ მხარდაჭერად უცხადებდა მეგობარ ქვეყანას.
ბრიტანელი ადვოკატი ამტკიცებს რომ მისი კლიენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყების მიზეზი სწორედ ეს საჯარო აქტივობაა. როგორც ჩანს ოლიგარქმა ივანიშვილმა პირად შეურაცხყოფად მიიღო მისი გარემოცვის წევრის მისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია და სადამსჯელო ოპერაცია პროკურატურას დაავალა. თუმცა ადვოკატების მტკიცებით საგამოძიებო უწყებამ დანაშაულად გამოცხადებულ საქმეზე მტკიცებულებების მოგროვება ვერ შეძლო.
ივანიშვილის შიშებზე მეტი მოგვიანებით გაირკვევა, როცა ბაჩიაშვილის საქმის სასამართლო განხილვები დაიწყება და პროკურატურას მოუწევს დაამტკიცოს რომ ბაჩიაშვილმა ივანიშვილის ბიტკოინები მიითვისა. 2015 წლის შეთანხმება კი ინვესტიცია იყო და არა სესხის ხელშეკრულება რომელიც 2017 წელს განულდა.