სად არის მეიფე შიო?! სამ კვირაზე მეტია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე საზოგადოების წინაშე აღარ გამოჩენილა. მას შემდეგ, რაც მისი სავარაუდო მოწამვლის შესახებ საზოგადოებამ მედიის საშუალებით გაიგო, ის საპატრიარქოშიც აღარ მისულა.
"მთავარ არხს" დღეს წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეუფე შიო, ბოლო დღეებია, თავს ლევან ვასაძის მიერ აშენებულ კიკეთის საპატრიარქო რეზიდენციას აფარებს და სწორედ იქ გადის მკურნალობის კურსს.
შეგახსენებთ, 5 ივლისს "მთავარმა არხმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მთავარ არხს წყაროები უყვებოდნენ, რომ მეუფე შიოს სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.
სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო".
შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.