საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე ფაქტობრივად ადასტურებს „მთავარი არხის“ ინფორმაციას პატრიარქის თანამოსაყდრე შიოს შესაძლო მოწამვლის შესახებ და აცხადებს, რომ სისხლში მძიმე მეტალების კვალი აღმოჩნდა.
"ამას სჭირდება გარკვეული დასაბუთება, რაც სპეციალურ სამსახურებს ევალებათ, ამის გარეშე რამის მტკიცების უფლება არ მაქვს. საქმე ეხება ანალიზებს, ანალიზების პასუხებში აღმოჩნდა მძიმე მეტალები, ვიკვლევთ ამ გარემოებას და ეს ვერსიაც არსებობს, თუმცა ამის მტკიცების საფუძველი უნდა გახდეს გამოძიება. მე არ შემიძლია დავადასტურო ეს", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნებასთან საუბარში.
ჯაღმაიძის თქმით, მეუფე შიომ იგრძნო სისუსტე და ექიმების რეკომენდაციით ჩაიტარა ანალიზები, შემოწმდა როგორც სასმელი წყალი, ისე საკვები, თუმცა მასში საეჭვო ნივთიერებები ვერ აღმოაჩინეს. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო".
მისივე თქმით, გამოკვლევები ერთ-ერთ მაღალკვალიფიციურ კლინიკაში ჩატარდა, თუმცა სად, არ აკონკრეტებს.
"მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა როგორც ყოფითი შემთხვევითობა, ასევე შეიძლება იყოს ჩარევით, თუმცა გამორიცხული ჯერჯერობით არც ერთი ვერსია არაა და საჭიროა დამატებითი გამოძიება და კვლევები...
გამორიცხული არ არის იმიტომ, რომ ნივთიერება, რომელიც სისხლში აღმოჩნდა, არის შემთხვევები, რომ გამოუყენებიათ მოწამვლისთვის", - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე თუ ვის ინტერესში შეიძლება იყოს საპატრიარქო ტახის მოსაყდრის მოწამვლა, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც მეუფე შიო მოსაყდრე გახდა, მის მიმართ მუდმივად მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია - "ეს ცილისმწამებლური, დამაკნინებელი, დემონიზაცია ადამიანისა, მუდამ არის ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი ტერორისტული აქტის. ჯერ ხდება ადამიანის დემონიზება, მარგინალიზაცია, დემორალიზაცია და შემდეგ შესაძლებელია, რომ მეორე ეტაპი დადგეს, ფიზიკურად მისი განადგურების ეტაპი. ეს მეთოდი არის ზოგადად" ამბობს ჯაღმაიძე.
ანდრია ჯაღმაიძის კომენტარიდან ირკვევა, რომ მოწამვლის ეჭვი თავად მეუფე შიოსაც აქვს- "არ შეიძლება ეჭვი არ იყოს, თუმცა ეჭვი არ არის ფაქტი ჯერჯერობით"- ამბობს ის.
კითხვაზე როგორ შეიძლებოდა მოწამვლა იმ პირობებში, როდესაც საპატრიარქო დახურულია გარე ჩარევებისგან, ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს:
"იმდენად დიდი ისტორია აქვს ამგვარ ქმედებებს და იმდენად დახელოვნებულია ამაში ის ხალხი ვინც აკეთებს, იმდენად შორს არის წასული ამისი საშუალებები რომ ძალიან ძნელია წინასწარ ყველაფერი გათვალო და გაითვალისწინო" ამბობს ის "ერთულოვნებასთან".
ჯაღმაიძის თქმით, მეუფე ახლა თავს კარგად გრძნობს, თუმცა დროდადრო საჭიროა კვლევების ჩატარება
იხილეთ ასევე: