თბილისი პრაიდი და ფესტივალზე დაზარალებული ადამიანები ვაპირებთ, შსს-ს ვუჩივლოთ - კვარაცხელია

გამოქვეყნდა:

"თბილისი პრაიდი" 8 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს. ფესტივალის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ დარბევა ძალადობრივ ჯგუფებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის შეთანხმებული იყო.

პრაიდ ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, რომ შსს-ს, რომელიც მათ უსაფრთხოების გარანტიებს 8 ივლისამდე კარგა ხნით ადრე აძლევდა, ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.

"თბილისი პრაიდი და ის ადამიანები, ვინც პრაიდის ფესტივალზე დავზარალდით ვაპირებთ ვუჩივლოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რადგან ჩვენი ღრმა რწმენით, ადგილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ალტ ინფოს შორის წინასწარ დაგეგმილ, კოორდინირებულ ოპერაციას. ეს ყველაფერი, ის, რომ ჩვენ გაგვწირავდნენ, ჩვენ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას შეუქმნიდნენ საფრთხეს, ეს იყო წინასწარ მოფიქრებული. წავალთ სასამართლოში და ამოვწურავთ ყველა ინსტანციას, იმისთვის, რომ ვიპოვოთ სამართალი და თუ სამწუხაროდ, სამართალს ჩვენ ქვეყანაში ვერ ვიპოვით, აუცილებლად გავაგრძელებთ სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც დარწმუნებული ვარ ობიექტურად შეხედავს იმ რეალობას, რაც 8 ივლისს გვქონდა სახეზე", - ამბობს მარიამ კვარაცხელია, "თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი. რადიკალი ჯგუფები ძალადობდნენ ჟურნალისტებზე და მათ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ. თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი