
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ვაკის პარკის საქმეზე სასამართლოს განაჩენს გამართლებული ვალერი გობეჯიშვილის ნაწილში და სხვა ბრალდებულების მიმართ სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ დღეს მიიღო. 9 ბრალდებულიდან 8-ს პატიმრობა მიესაჯა. სასამართლომ დამნაშავედ ცნო თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის მოადგილე, შპს ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორი, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი და ერთი თანამშრომელი, შპს ,,გრინსერვისი +“-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის - ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელი, ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებული ხელოსანი, შპს ,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი.
იხილეთ პროკურატურის განცხადება:
,,გრინსერვისი +“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნების და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში, ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა ყალბი დოკუმენტები წარადგინა კერძოდ, პროექტის ცვლილებები, რომლებზეც დასმული იყო ერთ-ერთი საპროექტო კომპანიის ბეჭედი და ხელმოწერები.
2022 წლის აგვისტოში, ,,გრინსერვის+“-მა შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი დაასრულა. აღნიშნული სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. ამის შემდეგ, ,,გრინსერვის+“-მა შესაბამისი დასკვნის მომზადების მიზნით ,,მშენ-ექსპერტთან“ ხელშეკრულება გააფორმა.,,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორმა და ექსპერტმა შეისწავლეს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესაბამისობა დანახარჯებთან, ხოლო სამუშაოების შესაბამისობა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან მათ არ შეუსწავლიათ.
"მშენ - ექსპერტის" დირექტორმა და ექსპერტმა მოამზადეს დასკვნის პროექტი, რის შემდგომაც, „გრინსერვისი+“-ის თანამშრომელმა . ,მშენ-ექსპერტი“-ს დირექტორი და ექსპერტი მათ დასკვნაში ყალბი მონაცემების შეტანის თაობაზე დაითანხმა, კერძოდ, თითქოს მათ შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობაც მოქმედ სამშენებლო ნორმებთან.
მიუხედავად იმისა, რომ შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებული იყო უხარისხოდ, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს, 25 აგვისტოს, ,,მშენ-ექსპერტი“-ს ზემოხსენებულმა თანამშრომლებმა შეადგინეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, კერძოდ ინსპექტირების შუალედური ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში ასევე დააფიქსირეს, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. აღნიშნული ყალბი დასკვნა ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მიზნით წარადგინა.
2022 წლის სექტემბერში, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დასრულებული იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერს სიტყვიერად მოსთხოვა, რომ ცენტრალურ შადრევანზე დამატებით ჩაეტარებინათ გარკვეული სამუშაოები, კერძოდ უჟანგავი თეთრი ფერის თუნუქის მასალით შეეფუთათ ელექტრო ძრავზე დაერთებული შავი ფერის წყლის მილები.
,,გრინსერვისი +“-ის პროექტის მენეჯერმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ,,გრინსერვისი +“-ის დირექტორს, რომლის მითითებითაც აღნიშნული სამუშაო ქვეკონტრაქტორი ფირმის ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს წარმომადგენელს შეუკვეთეს. ამ უკანასკნელმა თავის მხრივ, სამუშაოს შესრულება ,,ნიუ მეტალ დიზაინი“-ს მიერ დაქირავებულ ორ ხელოსანს დაავალა. სამუშაოს ზედამხედველობა და კონტროლი კი, ,,გრინსერვისი+“-ის სამუშაოთა მწარმოებელს უნდა განეხორციელებინა.
22 სექტემბერს, დილის საათებში, ზემოხსენებული ხელოსნები მივიდნენ ცენტრალურ შადრევანთან, მიიტანეს შესაფუთი თუნუქის მასალა და დაიწყეს სამუშაოების შესრულება.სამუშაოების მიმდინარეობისას, ხელოსნებმა დაარღვიეს სამუშაოს წარმოების უსაფრთხოების ნორმები, კერძოდ წყლის მილებზე უჟანგავი თუნუქის მორგების მიზნით, მოხსნეს ელექტრო ძრავის შესაფუთი ლითონის ცხაური, რომლის უკან დამაგრებისას ბეტონის ზედაპირსა და ლითონის ცხაურს შორის მაღალი ძაბვის ელექტრო კაბელი მოაყოლეს. აღნიშნულის გამო, დაზიანდა ელექტრო კაბელის იზოლაცია და მოხდა დენის წყალში გაჟონვა.
„გრინ სერვის+"-ის დირექტორმა შესრულებული სამუშაო შესაბამისი ინსპექტირების ჩატარების გარეშე წარუდგინა მერიის საქალაქო სამსახურს, ხოლო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ აღნიშნული მიიღო შესაბამისი ინსპექტირების გარეშე.
თავის მხრივ, „გრინ სერვის +"-ის ქვეკონტრაქტორი ფირმის წარმომადგენელმა არ გადაამოწმა მის მიერ დაქირავებული ხელოსნების მიერ შესრულებული სამუშაო. ხოლო, „გრინ სერვის +"-ის სამუშაოთა მწარმოებელმა არ გაუწია შესაბამისი კონტროლი აღნიშნულ საქმიანობას.