
ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს და წერს, რომ ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით, მიმდინარეობდა. მკვლელობა 2022 წელს მოხდა:
"სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ერთ სამშენებლო ობიექტზე მუშაობდნენ. 2022 წლის 30 ოქტომბერს მათ სხვა მუშებთან ერთად ალკოჰოლური სასმელი დალიეს, რა დროსაც იჩხუბეს. კონფლიქტი ბრალდებულის სახლთან გაგრძელდა, სადაც მან დაზარალებულს დანით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდების მხარემ, სასამართლო პროცესზე წარადგინა დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენას მოწმობდა.
ნაფიცი მსაჯულები, საქმის გარემოებებისა და მტკიცებულებების დეტალურად შესწავლის შემდეგ, დარწმუნდნენ პროკურატურის პოზიციის მართებულობაში და ბრალდებული სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დამნაშავედ ცნეს," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.