მეუფე შიომ მისი შესაძლო მოწამვლის საკითხზე პირველი კომენტარი პეტრე-პავლოვის წირვის დასრულების შემდეგ სამებაში, ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა თავს კარგად გრძნობს და უნდა ჩატარდეს ხელმეორე კვლევები
„გილოცავთ ყველას პეტრე პავლობას, ღთვის შეწევნით ვარ კარგად. ალბათ უნდა ჩატარდეს [ კვლევები], ექიმები გვირჩევენ.
იმედია რომ ყველაფერი გაირკვევა, ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება იყო , ამას ზუსტად ვერ მოგახსენებთ”, – თქვა მეუფე შიომ.
მეუფე შიომ სამებაში დღეს წირვა აღავლინა. მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, ის საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
შეგახსენებთ, "მთავარმა არხმა" 5 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქის მოსაყდრე მოწამლეს და მის სისხლში დარიშხანის კვალი აღმოჩნდა.
სისხლში მომწამვლელი ნივთიერების არსებობის შესახებ ინფორმაცია 6 ივლისს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ დაადასტურა. როგორც ჯაღმაიძემ აღნიშნა, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მოწამვლასთან დაკავშირებით ინფორმაციის უტყუარად დადასტურებისთვის "დამატებითი კვლევები და გამოძიებაა საჭირო".
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.