პარაპლანით ფრენა გუდაურის გარდა, შესაძლოა, კიდევ 11 ადგილიდან იყოს შესაძლებელი

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოში პარაპლანით ფრენებისთვის ადგილის გამოსაყოფად, გუდაურის გარდა, დამატებით 11 ტერიტორიის შესწავლა მიმდინარეობს.

როგორც GCAA წერს, იმ ადგილებს შორის, სადაც პარაპლანით ფრენა შეიძლება დაუშვან არის თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანისა და სხვა რეგიონების ტერიტორიები. 

"პარაპლანებით ფრენების დასაწყებად აქტიურად მიმდინარეობს მზადება დაბა გუდაურში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გამოყოფილ საჰაერო სივრცეში. თეორიული გამოცდების ჩაბარების შემდეგ, დღეს, 13 ივლისს, პარაპლანით ფრენების განხორციელების მსურველებმა გაიარეს პრაქტიკული გამოცდები. პროცესს ადგილზე აკვირდებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლები. პილოტის მოწმობები გაიცემა მფრინავებზე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული გამოცდები. 

ფრენების დაწყებისთვის საჭირო სამუშაოების ფარგლებში, გრძელდება ოპერატორების სერტიფიცირების და საფრენი ლოკაციების საფრენად ვარგისიანობის დასკვნის გაცემის პროცესი.

ამასთან მიმდინარეობს დამატებით 11 ახალ ლოკაციაზე პარაპლანებით ფრენებისთვის საჰაერო სივრცის გამოყოფის საკითხის შესწავლა, მათ შორის არის ლოკაციები თბილისის, კახეთის, მესტიის, ბახმაროს, გოდერძის, ბაკურიანის და სხვა ტერიტორიებზე", - წერს GCAA. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში პარაპლანით ფრენების აღდგენის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტრომ 16 ივნისს გაავრცელა. ფრენები 2022 წლის 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ინციდენტის გამო იყო აკრძალული, სადაც პარაპლანით ფრენისას ინსტრუქტორი და ტურისტი ჩამოცვივდნენ. მათ დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი გაემგზავრა, რომელიც აფრენის შემდეგ ხევში ჩამოვარდა.

მოგვიანებით სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ პარაპლანით ფრენებისთვის საჰაერო სივრცე გუდაურის ტერიტორიაზე გამოიყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი