აზარტულ თამაშებში ჩართული ადამიანებისა და სუიციდის მსხვერპლთა რიცხვი საქართველოში საგანგაშო ნიშნულზეა. 700 ათასი ადამიანი დღეს აზარტული თამაშებითაა გატაცებული.
თამაშისთვის საჭირო მინიმალური თანხისთვის ადამიანები ყოველდღე ყიდიან ქონებას, ხან იპარავენ. მოთამაშეთა შორის ბევრია არასრულწლოვანიც. დედები, რომელთა შვილებიც საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებენ, დღეს ერთად შეიკრიბნენ. ხელისუფლებისგან შველას ითხოვს ყველა, ვისი შვილიც ლუდომანია.
უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, 219-მა ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ივლისიდან დღემდე სუიციდის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია. საგანგაშო სტატისტიკის გამო არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს ადანაშაულებენ.
ხელისუფლების უუნარობაზე დღეს სახალხო დამცველიც საუბრობდა. სამოქმედო გეგმის მიხედვით, მთავრობას ჯერ იდევ 2016 წელს უნდა აემოქმედებინა სუიციდის პრევენციის პროგრამა, თუმცა ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა, რის გამოც , ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, მსხვერპლთა რაოდენობა დრამატულად გაიზარდა.
სუიციდის პრევენციის ღონისძიებებს, რომ სათანადო ყურადღება არ ეთმობა, ეს დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც აღიარა. თუმცა მინისტრის მოადგილეს პრობლემის მოგვარების კონკრეტული ხედვა არ წარმოუდგენია.