ქონება, რომელიც ანტიკორუფციულ ბიუროს იჯარით აქვს სარგებლობაში, თბილისში, გიგა ლორთქიფანიძის ქუჩის N4-ში მდებარეობს და მისი საბოლოო მესაკუთრე ოფშორში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიაა.
"ბათუმელების" ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო 87 ათას 845 ლარის საოფისე ავეჯს გამარტივებული წესით, ტენდერის გარეშე იყიდის. ბიუროს განმარტებით, ქონების შეძენა განაპირობა შენობის იჯარით აღებამ, რომელიც ბიუროს ინვენტარის გარეშე გადაეცა.
ბიუროს მიერ შესყიდვების პორტალზე ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, იჯარით აღებული ქონების მესაკუთრეა შპს „სოლო-ლაკი ინვესტორს“.
„ბათუმელების“ მიერ საჯარო რეესტრში გადამოწმებული დოკუმენტების მიხედვით, „სოლო-ლაკი ინვესტორს“-ის მესაკუთრეა შპს „ტიფლის სითი [ჯი-აი-ჯი ჯგუფი]“. ამ უკანასკნელის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე კი არის შპს „გარდაბანი ჰოლდინგზ ფი-ფი ბი.ვი“, ს/ნ 66004896, რომელიც ნიდერლანდებშია რეგისტრირებული.
ანტიკორუფციულ ბიუროს ქონება ოთხწლიანი იჯარით აქვს აღებული [2029 წლის ივნისამდე]
ცნობისთვის, სწორედ ანტიკორუფციული ბიუროა “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ე.წ. ფარას აღმასრულებელი უწყება. რუსული კანონი, რომელსაც ქართული ოცნება „ფარას“ უწოდებს, უცხოური დონორი ორგანიზაციების ფულის კონტროლის მიზნით, გრანტის მიმღები საქართველოს მოქალაქეებისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან აგენტად დარეგისტრირებას ითხოვს.