
შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი გოგა რაზმაძე სისტემას და სამინისტროს მაღალჩინოსნებს ამხელს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს. გოგა რაზმაძემ ცოტა ხნის წინ დატოვა საგამოძიებო უწყება, სადაც ის ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა.
12 წელია რაც შსს-ს წარმოვადგენ და ჩემთვის ეს სისტემა ძალიან ძვირფასია და ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა მომიწევდა. ჩემს მიმართ შესაძლო კანონსაწინააღმდეგო მოპყრობის ფაქტზე კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ შევიტანე განცხადება." ამბობს რაზმაძე
რაზმაძემ რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ვრცლად დაწერა სისტემაში არსებული მანკიერებების შესახებ. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელი ხელმძღვანელობას დამამცირებელ მოპყრობაში, ცენზურასა და ადამიანის უფლებების უგულებელყოფაში ამხელდა. გოგა რაზმაძე Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში რამდენიმე გვარსაც ახსენებდა, მათ შორის მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს, რომელმაც მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს მთავარი ფუნქცია დაუკარგა.