ხმაური მესტიის შესასვლელში ამდრომდე გრძელდება. მოსახლეობა საგუშგოს გახსნას ითხოვს. 6 საათზე მეტია მესტიაში ყველაზე მოთხოვნად ტურისტულ რეგიონში ტურისტები ვეღარ შედიან, რეგიონის დატოვების უფლება აღარ აქვთ არც რამდენიმე დღით ასულ დამსვენებლებს. მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი ამოქმედდა.
ხაიშთან პოლიციელების რამდენიმე ეკიპაჟია მობილიზებული. ისინი მუნიციპალიტეტში მხოლოდ ადგილობრივებს უშვებენ.
გადაადგილება შეიზღუდა მესტიის მუნიციპალიტეტშიც. ტურისტები და ადგილობრივები თავისუფლად ვერც სოფლებს შორის მოძრაობენ. პროდუქტებსა და წამლებზე დაბა მესტიაში ასულები, სახლში ვეღარ ბრუნდებიან.
საკარანტინო რეჟიმი ერთ-ერთ ყვევლაზე მოთხოვნად ტურისტულ რეგიონში მას შემდეგ გამოცხადდა, რაც სოფელ ლენჯერში 17 ადამიანს COVID -19 დაუდასტურდა. ყველანი ახლო ნათესავები არიან. მათი ნაწილი ლენჯერში თბილისიდან ჩავიდა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები სწორედ თბილისიდან ჩასულ ქალს გამოუვლინდა. როგორც გაირკვა მას რამდენიმე დღე ჰქონდა სიცხე. 6 აგვისტოს მესტიის საავადმყოფოში მიყვანისას ორმხრივი პნევმონია დაუდასტურა.
კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, სოფელ ლენჯერში გარეთ გასვლას თავს არიდებენ ადგილობრივებიც და ტურისტებიც. ნაწილმა კი დაინფიცირების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე დატოვა რეგიონი, ვიდრე მესტიიდან გამოსვლა აიკრძალებოდა.
სასტუმროების მეპატრონეები ამბობენ, რომ სვანეთს წელს ყველაზე მეტი ადგილობრივი ტურისტი სტუმრობდა, თუმცა ჯავშნების უმეტესობა დღეს უკვე გააუქმეს.
ჯავშნები თითქმის ყველა სასტუმროში გაუქმდა, თუმცა მესტიაში ამჟამად ასეობით ტურისტი მაინც რჩება.
ახლა ისინი რთულ მდგომარეობაში არიან, ეძებენ იზოლირებულ ადგილებს, თუმცა რამდენი ხანი დარჩებიან და როდემდე შეძლებენ სასტუმრობისთვის თანხის გადახდას არ იციან, პასუხი არ აქვთ არც სასტუმროების მფლობელებს.
სასტუმრობის მეპატრონეები შიშობენ, რომ თუ შეღავათი არ ექნებათ, ჩაკეტილ რეგიონში თანხის შეგროვება და სესხების გადახდა ძალიან გაუჭირდებათ. ადგილობრივები ყვებიან, რომ რეგიონში აღარ არის საკმარისი პროდუქტი, ნიღბებისა და გარკვეული მედიკამენტების დეფიციტი უკვე შეიქმნა.
ამ ეტაპზე საკარანტინო რეჟიმისთვის 28 დღიანი პერიოდი დასახელდა.
ადგილზე ეპიდემიოლოგების 8 ჯგუფი მუშაობს. ისინი სოფელ ლენჯერში იკვლევენ ადგილობრივებს, იგეგმება გაფართოებული ტესტირებაც. ხვალ რეგიონში ეპიდემიოლოგების კიდევ რამდენიმე ჯგუფს ელდეობიან.