თეთრი ხალათების აქცია - ექიმები პროკურატურისა და სასამართლოს წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

თეთრი ხალათების აქცია დღეს ქვეყნის თითქმის ყველა კლინიკასთან მოეწყო. სამედიცინო პერსონალი ექიმ ვახტანგ ყიფიანის თავისუფლებას ითხოვს. ცნობილ ანგიოლოგს  წინასწარი პატიმრობა რამდენიმე დღის წინ მიესაჯა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ რომ ექიმის პატიმრობა დაუდგენელი დანაშაულისთვის უსამართლო სასჯელია.

დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კოლეგის დასაცავად ქუჩაში თავად გამოვიდა, თვეების წინ ოკუპანტების მძევლის თავისუფლებას კი ვატო ყიფიანი კოლეგებთან ერთად ითხოვდა. გაფრინდაშვილმა დღეს აქციაზე ყიფიანის სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით ექიმებს შეცდომა არ დაუშვიათ და ოპერაცია რის გამოც მათ ბრალი წაუყენეს ყველა სამედიცინო წესის დაცვით ჩატარდა. 

სახელმწიფო ბრალდების პოზიციას ექიმები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ფიქრობენ რომ გამოძიებისთვის ექიმის თავისუფლებაზე ყოფნა ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება.

ვატო ყიფიანისთვის წინასწარი პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით აქციები დღეს თბილისის წამყვანი კლინიკების გარდა რეგიონებშიც ჩატარდა.

უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება - ასე შეაფასეს დღეს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ექიმებისთვის წინასწარი პატიმრობის მისჯა. მედპერსონალი დღეს ჯანდაცვის მინისტრსაც შეხვდა და ტიკარაძეს უხსნიდნენ, რომ ყიფიანის პატიმრობა უკანონო გადაწყვეტილებაა. 

შეხვედრის შემდეგ კომენტარი ექიმების საქმეზე ეკატერინე ტიკარაძემაც გააკეთა. ყოფილმა სტომატოლოგმა მედპერსონალის დაპატიმრების ბოლო შემთხვევა კანონმდებლობის უზუსტობით ახსნა.

ჯანდაცვის მინისტრმა ექიმებს პირობა მისცა რომ უახლოეს მომავალში საკანონმდებლო ინიციატივით შევა პარლამენტში რომ მსგავსი შემთხვევები როდესაც ექიმი თაღლითობაში დაადანაშაულეს, აღარ განმეორდეს.

ექიმების ნაწილის ტიკარაძის არ სჯერა, ვახტანგ კალოიანი ერთ ერთია, რომელმაც დღეს ღიად თქვა რომ გამოძიება ყიფიანის საქმეზე პოლიტიკური მიკერძოების გარეშე უნდა ჩატარდეს, ექიმების ნაწილი კი აცხადებს რომ ვახტანგ ყიფიანს ოცნების მთავრობა ბოლო პერიოდში ექიმების მწვავე განწყობების გამო სამაგალითოდ მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს.

თბილისის ცენტრალური კლინიკის სამ ექიმს ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს. ვახტანგ ყიფიანს, გიორგი ლობჟანიძეს და ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას სახელმწიფო ბრალდება თაღლითობაში ადანაშაულებს.

ექიმებმა 2018 წელს ახალგაზრდა გოგონას ოპერაცია ჩაუტარეს, რომლის შემდეგაც პაციენტი უკვე 20 თვეა კომაშია. გამოძიების მიხედვით ოპერაცია ექიმებმა სპეციალური ლიცენზიის გარეშე ჩაატარეს და მოიტყუეს, რომ ოპერაციას იტალიელი სპეციალისტები ესწრებოდნენ.

დაკავებული მედიკოსებიდან ერთი, გიორგი ლობჟანიძე მოსამართლემ 100 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ყიფიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს, ანესთეზიოლოგი კი ამ დრომდე საქართველოში არ იმყოფება და მასზე ძებნაა გამოცხადებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი