
ბათუმში ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. საგამოძიებო სამსახური ბრალდებულის მიმართ 5 000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა, რაც მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ დანაშაულს აცნობიერებს, თუმცა ის სოციალურად დაუცველია, არ გააჩნია უძრავი ქონება და ამ თანხას ვერ გადაიხდის.
შეგახსენებთ, 13 ივლისს, ბათუმში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის დედამ ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა. მას ქალმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, ასევე, მიაჯახა კედელს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე