
გორში კორონავირუსით ინფიცირებულ ექიმთან და მედდასთან კონტაქტში მყოფი პირების ტესტის პასუხები დღეს, 11 აგვისტოს გახდება ცნობილი. 112 ადამიანის პასუხს ლუგარის ლაბორატორიიდან დღის პირველ ნახევარში ელოდებიან. ამ დრომდე გრძელდება კოვიდ ინფიცირებულების სხვა კონტაქტების ძიებაც.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონალური მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის ეკა ქორჩაშვილის თქმით, ეს არის ოჯახის წევრებისა და პირადი კონტაქტები.
კლინიკა “გორმედში” ინფიცირებულ ექიმთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ და ირწმუნებიან, რომ შუახნის ქალს სხვა პერსონალთან მუდმივი კონტაქტი არ ჰქონდა რადგან, ის მათი შტატიანი თანამშრომელი არაა და მოწვეული კონსულტანტის სტატუსი აქვს.
ექიმისა და ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივე მათგანს გორში, სამხედრო ჰოსპიტალის კოვიდკლინიკაში მკურნალობენ. ექიმს, რომელიც თბილისისა და გორის ოთხ კლინიკაში მუშაობდა, კოვიდ 19 7 აგვისტოს დაუდასტურდა.