"სამართლიან არჩევნების" (ISFED) განცხადებით, სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 27 აპლიკანტმა ორგანიზაციას სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2022 წელს საჯარო სკოლების დირექტორთა სერტიფიცირების პროცესი დაიწყო, რომელიც 2023 წლის ივნისში დასრულდა. ბოლო, გასაუბრების ეტაპი 160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა.
ISFED-ის შეფასებით, შესწავლილი ფაქტები და გარემოებები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ გასაუბრების პროცესში დაფიქსირდა არაერთი არსებითი ხასიათის დარღვევა. ორგანიზაცია სასამართლოში გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობას და თავიდან გამართვას ითხოვს.
"აღსანიშნავია, რომ გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახეს და სერტიფიკატის მიღებაზე უარი ეთქვა კანდიდატებს, რომლებსაც ტესტირებაში მიღებული ჰქონდათ საკმაოდ მაღალი შეფასებები, ასევე, რომელთა კვალიფიკაცია და გამოცდილება არის დადასტურებული. მათ შორის იყვნენ კანდიდატებიც, რომელთაც დირექტორად მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდათ", - წერია განცხადებაში.
ორგანიზაციის მიერ სამინისტროდან გამოთხოვილი გასაუბრების ოქმების შესწავლის საფუძველზე, იკვეთება ისეთი არსებითი პროცედურული დარღვევები, რომელსაც შეეძლო გავლენა მოეხდინა გადაწყვეტილებაზე, მათ შორის:
- რიგ შემთხვევებში, გასაუბრების ოქმებში ხელი მოწერილი აქვთ კომისიის იმ წევრებს, რომლებიც კანდიდატის გასაუბრებას საერთოდ არ ესწრებოდნენ;
- გასაუბრების ოქმების ნაწილში ხელი არ აქვთ მოწერილი კომისიის იმ წევრებს, რომლებმაც გასაუბრებისას კითხვები დაუსვეს კანდიდატებს;
- მოწოდებული გასაუბრების ოქმებით არ დგინდება, რა კრიტერიუმების საფუძველზე შეფასდნენ კანდიდატები;
- დირექტორობის მსურველი კონკურსანტები აცხადებენ, რომ გასაუბრების ეტაპზე მათთვის ცნობილი არ ყოფილა შეფასების კრიტერიუმები; მათი განცხადებით, კომისიის წევრების მიერ არ კეთდებოდა ჩანაწერები. სამინისტროს მიერ მოგვიანებით მოწოდებული ინფორმაციის1 თანახმად, კანდიდატები ფასდებოდნენ 6 კრიტერიუმის მიხედვით, თუმცა გასაუბრების ოქმებში არ იკვეთება კომისიის წევრთა მიერ კონკურსანტებისთვის, თითოეული კრიტერიუმის შესაბამისად, მინიჭებული ქულების შესახებ ცხადი ინფორმაცია. ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამინისტრომ აღნიშნული კრიტერიუმები გასაუბრების შემდეგ, ოქმის შედგენისას, ფორმალურად მიუსადაგა შედეგებს;
- გასაუბრების ხანგრძლივობა და დასმული შეკითხვები მიუთითებს გასაუბრების ფორმალობაზე. გასაუბრება, ძირითადად, 7-10 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. კანდიდატთა უმრავლესობას კომისიის წევრებმა 2-3 შეკითხვა დაუსვეს, რაც არ იძლეოდა კანდიდატების სრულყოფილად შეფასების შესაძლებლობას.