სექსუალური შევიწროების ფაქტის დასადგენად ანანია გაჩეჩილაძე სახალხო დამცველს მიმართავს. საქმე ეხება "ქართული ოცნების" პროპაგანდისტს, შალვა რამიშვილის. ადვოკატ ილონა დიასამიძის განცხადებით, სახალხო დამცველს აქვს უფლებამოსილება დაადგინოს სექსუალური შევიწროების ფაქტი.
საგამოძიებო უწყებაში ანანია გაჩეჩილაძე აპრილში გამოკითხეს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, შალვა რამიშვილი უწყებაში არ დაუბარებიათ.
გაჩეჩილაძემ სახალხო დამცველის აპარატში განცხადებასთან ერთად შეიტანა მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო ჩანაწერი.
"სახალხო დამცველის ინსტიტუტი ამ შემთხვევაში არის ერთადერთი საშუალება, რომ დაამტკიცოს სიმართლე და დასკვნა დაწეროს სექსუალური შევიწროების ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით. ეს მოგეხსენებათ არის განმეორებითი შემთხვევა შალვა რამიშვილთან მიმართებით, თათია სამხარაძის საქმიდან დაწყებული, დამთავრებული დანარჩენი იმ ქალებით ვინ ჩემ პარალელურად ამხილეს ის სექსუალურ შევიწროებაში და ძალადობაში. სახალხო დამცველისგან მაქვს მოლოდინი, რომ შეფასების სტანდარტი იქნება ისეთი და კიდევ უფრო გაუმჯობესებული როგორიც იყო ბოლო პრაქტიკების განმავლობაში და როგორც მოქალაქეს მაქსიმალურად სამართლიანად და მიზნობრივად დამიდგება მხარში", - ამბობს ანანია გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, რომ "ფორმულას" მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი 2018 წლით თარიღდება და ის POSTV-ის ოფისში, რამიშვილის პირად კაბინეტში ჩაიწერა, სადაც ანანია გაჩეჩილაძე გადაცემის მოსამზადებლად დაიბარეს. ჩანაწერი 2 საათს გრძელდება - სექსუალური ხასიათის ვერბალური ძალადობის შემდეგ, ისმის როგორ უახლოვდება შალვა რამიშვილი გოგონას, გვერდით უჯდება და ფიზიკურ შეხებას ცდილობს.
ანანია გაჩეჩილაძე ამ საუბრის დროს 22 წლისაა, შალვა რამიშვილი კი 47 წლის.