სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე მივიდა 21 წლის ლაშა ჟღენტი, რომელიც პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს. მას, სავარაუდოდ, დღესვე ჩაუტარდება ექსპერტიზაც, რომელმაც უნდა დაადგინოს, რა სახის დაზიანებები აქვს მიყენებული ახალგაზრდას. ჟღენტი ყვება, რომ გუშინ ვერაზე, ძმასთან და მეგობართან ერთად პოლიციამ გააჩერა გაჩხრიკის მიზნით, ფაქტის გაპროტესტების შემდეგ კი, მისი თქმით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ლაშა ჟღენტი ამბობს, რომ შსს-ის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს.
დედა ამბობს, რომ მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მას რამდენიმე პირი დაუკავშირდა და უთხრა გაჩუმებულიყვნენ.
"ვისაუბრებ ყველაფერ სიმართლეს, რაც გამიკეთეს მანქანაში, მანამდე, რის გამოც ტყუილ უბრალოდ წამიყვანეს განყოფილებაში, დამიჭირეს ასე რომ ვთქვა, რის გამოც მცემეს. მანქანაში როდესაც ჩამსვეს, როცა მარტო თვითონ მაგათთან ერთად ვიყავი, ბორკილები დამადეს მანქანაში, რომ ხელებით არ გავმოძრავებულიყავი, ორ კაცს უკან ვეჭირე და ერთი მირტყამდა", - ამბობს ლაშა ჟღენტი.
დედა, სოფი გამცემლიძე ამბობს, რომ არ გაჩერდებიან და მისი შვილების სიმართლეს დაამტკიცებს.
"რამდენიმე ზარი შემოვიდა ჩემ ტელეფონზე, რომ გავჩერდეთ, ბოდიშის მოხდით ყველაფერს აპატიებენ ბავშვებს, ოღონდ გავჩერდეთ, ჩვენ არ გავჩერდებით, ვინც არ უნდა დარეკოს, ჩემი შვილები არიან მართლები", - ამბობს დედა.
მისივე თქმით, მოითხოვა სამხრე კამერების ჩანაწერები, რაზეც უთხრეს, რომ მსგავსი არ არსებობს.