"ფორმულას" ტელეწამყვანის, ელისო ჯარიაშვილის შვილის საქმეზე სასამართლომ დამცავი ორდერი გასცა. ორდერი გაიცა ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფის წევრის მიმართ, რომელმაც ბავშვის ვიდეო სოციალურ ქსელში კონტექსტიდან ამოგლეჯილად გამოიყენა და გაავრცელა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას აეკრძალება ბავშვის ფოტო-ვიდეო მასალის გამოყენება, მისი ხსენება, ბავშვთან მაიდენტიფიცირებელი ნებისმიერი ინფორმაციის გასაჯაროება.
ადვოკატის შეფასებით, გადაწყვეტილება პრეცედენტულია:
"მოსამართლემ აუკრძალა მესამე პირებს ბავშვის გამოსახულების გამოყენება, ხსენება, როცა ბავშვის ეს ხსენება აღვივებს სიძულვილს, მოუწოდებს ძალადობისკენ. სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია. [...] არის ნამდვილად პრეცედენტული გადაწყვეტილება იმ კონტექსტში, რომ არასდროს დამცავი ორდერი მესამე პირების მიმართ, რომლებიც იყენებენ ფოტო გამოსახულებას ან იხსენიებენ ბავშვებს და მოუწოდებენ ძალადობისკენ ამ ბავშვების გამოყენებით, ასეთი გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ გამოუტანია", - ამბობს ადვოკატი "ფორმულასთან" საუბარში.
კიდევ ერთი ადვოკატი, ანა თავხელიძე ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ბავშვის მიმართ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რისი აღკვეთაც შსს-ს ევალებოდა, თუმცა უწყებამ ეს არ გააკეთა.
ორდერის პირობების დარღვევა სისხლისსამართლებრივი დანაშაულია.